თავდაცვის მინისტრის მეუღლე ეკა ჯანელიძე, საკუთარი "ფეისბუქის" გვერდზე იმ სასწაულის შესახებ ჰყვება, რომელიც მას, ავსტრიის დედაქალაქ ვენაში გადახდა თავს:
"მინდა ერთი ისტორია მოგიყვეთ, რომელიც მე გადამხდა.
2014 წლის მაისში ჩემს დედამთილს დაუსვეს ძალიან ცუდი დიაგნოზი-ხოჩკინის ლიმფომა. ვენაში გაგზავნილი ანალიზებითაც იგივე დადასტურდა, უბრალოდ სტადია ვერ განსაზღვრეს, რადგან მასალა, რაც უნდა აეღოთ დასათესად, ისეთ ადგილებში იყო, საქართველოში ვერ გააკეთეს. ამიტომ წავედით ვენაში პუნქციის გასაკეთებლად: მე, დედაჩემი და ჩემი დედამთილი.
იქ ყოფნას დაემთხვა პეტრე-პავლობა. იმ ღამეს ვნახე სიზმარი, ხელში მეჭირა ღვთისმშობლის ხატი და მეუბნებოდა წამიყვანე შენთან სახლში, არ გეცოდები, ნახე, სულ სველი ვარო. დილით გავიღვიძე თუ არა, ეს სიზმარი მოვყევი.
კვირა დღე იყო, სასეირნოდ გავედით. გზად ნაყინი ვიყიდეთ და მოვხვდით ერთ ქუჩაზე, სადაც ანტიკვარული ნივთები იყიდებოდა.
ერთი ბროში მომეწონა. რომ უნდა მეყიდა, საფულე აღარ დამხვდა ჩანთაში, რომელშიც მედო ყველა ჩემი საბუთი და 500 ევრო.
წამოვედით იმ სანაყინეში, სადაც დილით ვიყავით.
იქ სულ სხვა გამყიდველი დამხვდა, რომ ვუთხარი საფულე დავკარგე, აქ დამრჩა-მეთქი, იუარა და პოლიციითაც კი დამემუქრა. ღმერთს ვევედრებოდი: "არ მინდა ის ფული, რაც მქონდა, მხოლოდ ჩემი საბუთები მაპოვნინე-მეთქი". შევედი გამყიდველთან და ვთხოვე, მარტო საბუთები დამიბრუნეთ ფული არ მინდა თქო. ამ კაცმა უცებ დაწერა რაღაც და მომაწოდა, წადი ამ მისამართზე, ნიკოლა იკითხე და მოგცემს შენს საბუთებსო. წავედით მოცემულ მისამართზე. მოვიდა ნიკოლა და მომცა ჩემი საფულე და არა მარტო საბუთები, ფულიც- ხელუხლებელი. 50 ევრო ნიკოლას ვაჩუქე. მეგობარი გვახლდა, ვინც დაგყვებოდა. მკითხა, სად წავიდეთო. მე ისევ იმ ბროშის საყიდლად გადავწყვიტე წასვლა. ვიყიდე ეს ჩემი ძალიან მოწონებული ბროში, რომელიც სულ რაღაც 5 ევრო ღირდა ( საერთოდ არ ვხმარობ. რამ მომაწონა არ ვიცი).
და ვხედავ, ჩემი მეგობარი იქით პირჯვარს იწერს, სასწრაფოდ მივედი და ვხედავ უჭირავს ხატი ხელში. ის ხატი, რომელიც სიზმარში ვნახე და ჩემთან წამოსვლას მთხოვდა. ჩემს დედამთილს ემოციისგან გული წაუვიდა. ძლივს ამოვილუღლუღე და ფასი ვიკითხე,(ძალიან ძვირს ველოდი) ხატის ფასი 500 ევრო მითხრა. ის თანხა, რაც დავკარგე და რაც სასწაულად ვიპოვე. ივერის ღვთისმშობლის ხატი 18-19 საუკუნის. არავინ არ იცის, როგორ მოხვდა ვენაში. ყიდიდნენ როგორც ანტიკვარს და არა როგორც ივერის ღვთისმშობლის შეუფასებელ ხატს!!
წამოვედით, წამოვაბრძანეთ საქართველოში.
რეგისტრაციაზე არ გამოჩნდა!
ჩემს დედამთილს, ხოჩკინის ლიმფომა არ დაუდგინდა ( აბსოლიტურად ჯანმრთელია). ყვავილი, რომელიც პირველად მოართვეს არ დაჭკნა! ხატმა ფერი იცვალა და გაბრწყინდა! საბერძნეთის ეკლესიიდან ჩამოტანილ ხმელ დაფნის ფოთოლს, მირონდენა დაეწყო! გილოცავთ ხარებას! გფარავდეთ უფალი! ღვთისმშობლის მადლი არ მოშლოდეს საქართველოს!", _ წერს ეკა ჯანელიძე საკუთარ „ფეისბუქზე".