მოსკოვში გამგზავრებამდე ერთი კვირით ადრე კოტე თოლორდავამ gzapress.ge-ს ინტერვიუ მისცა და უახლოეს გეგმებსა და მომავალ პროექტებზე ვრცლად ესაუბრა.
"გურია ნიუსი" ინტერვიუს უცვლელად გთავაზობთ:
მსახიობ კოტე თოლორდავას ცხოვრებაში სიახლეა – ის ცოტა ხნის წინ ირკუტსკიდან დაბრუნდა, სადაც კინოგადაღებაზე იმყოფებოდა. მიაჩნია, რომ ეს როლი ერთ-ერთი საინტერესო ნამუშევარი იქნება მის შემოქმედებაში, მით უფრო, რომ ცნობილ რუს ვარსკვლავ სერგეი ბეზრუკოვთან ერთად მოუხდა თამაში.
_ საკმაოდ სოლიდური კინოკომპანიის რეჟისორი – ნინა მატისონი თურმე, მთელი 2 კვირა მეძებდა. არადა, იმ დროს ტელეფონი გამორთული მქონდა, რადგან ბავშვმა გამიფუჭა. ბოლოს განოს შეეხმიანა მათი პროდიუსერი. სხვათა შორის, მატსონის სცენარის მიხედვით არის გადაღებულია ცნობილი ფილმის – "იოლკი" ორი სერია, რომელიც ყოველ ახალ წელს გადის ტელეეკრანებზე, დანარჩენი სერიები კი თავად აქვს გადაღებული. მასში ცნობილი მსახიობები: სერგეი ბეზრუკოვი და კონსტანტინე ხაბენსკი თამაშობენ.
მოკლედ, კასტინგ-მენეჯერი და პროდიუსერი რომ დამიკავშირდნენ, მითხრეს: – ჩვენი ფილმის ერთ-ერთი პერსონაჟის როლზე მოგვწონხართ. ის ქართველია, გიგა ჰქვია და ტაქსის მძღოლად მუშაობს. იქნებ ორი სასინჯი სცენა გადაიღოთ ჩვენთვის და გამოგვიგზავნოთო. საჭირო სცენის გადაღებაში მეგობარი ნინო ისაკაძე და ჩემი სიმამრი (რომელიც რეჟისორია) დამეხმარნენ. ჩანაწერის გაგზავნიდან მეორე დღესვე დამირეკეს: მოგვეწონა და სასწრაფოდ ჩამოდით. თქვენი პარტნიორი (ჩემი პერსონაჟის მეუღლის როლისთვის) უნდა შევარჩიოთ და ამაში თავად დაგვეხმარეთო. უარი არ მითქვამს, მაგრამ პრობლემის წინაშე აღმოვჩნდი: მჭირდებოდა სამუშაო ვიზა, რომელიც დღეს აღარ კეთდება. ჰოდა, ბევრი ადამიანის შეწუხება დაგვჭირდა, რომ წასვლა მომეხერხებინა. თავიდან მითხრეს, რომ რუსეთში 3 დღის გატარება მომიწევდა, მაგრამ 20 დღე დავრჩი. ირკუტსკში რომ ჩავფრინდი, -20 გრადუსი ყინვა დამხვდა. ბაიკალის უშველებელ, გაყინულ ტბაზე გვქონდა გადაღებები და პირდაპირ გადასაღებ მოედანზე აღმოვჩნდი.
_ ფილმში ცნობილი რუსი მსახიობი, სერგეი ბეზრუკოვიც თამაშობს. მასზე რას გვეტყვი?
_ სასტუმროში ვცხოვრობდი. ჩემი ნომრის წინ იყო მისი ოთახი. ახალი ჩასული ვიყავი, როცა პირისპირ შევხვდი – ჩვენ-ჩვენი ნომრიდან გამოვდიოდით. გადასაღები მოედანი, როგორც უკვე გითხარით, ზედ ყინულზე იყო მოწყობილი. 5 დღე საშინელი ყინვის ატანა მომიხდა. ძირითადი სცენები მანქანაში მქონდა, სერგეისთან ერთად. ავტომობილს ყინულზე ვატარებდი და ამ დროს საოცრად დაძაბული ვიყავი. მით უმეტეს, რომ ვიღაცებმა შემაშინეს, – ცოტა ხნის წინ ტბაზე ყინული ჩატყდა და ხალხი დაიღუპაო. სხვათა შორის, ჩვენი იქიდან წამოსვლის შემდეგ, სწორედ იმ ადგილას, იანუკოვიჩის შვილი გარდაიცვალა, რომელიც სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობდა… საგულისხმოა, რომ გადაღების პერიოდში მუდმივად თან გვახლდა გარემოს დაცვის სააგენტოს თანამშრომელი, რომელსაც ეს ტბა შესწავლილი ჰქონდა და 5 თითივით იცოდა, რა ადგილებში შეგვეძლო გადაღება და სად იყო სახიფათო მონაკვეთი.
_ გადაღებები უკვე დასრულდა?
_ გადასაღები კიდევ 2 სცენა დამრჩა, რომელზე მუშაობასაც უკვე მოსკოვში გავაგრძელებთ…
_ რას გვეტყვი შენს როლზე?
_ გიგა ქართველი კაცია. თავის დროზე ოპერის თეატრში მუშაობდა, მაგრამ ახლა ტაქსის მართვა უწევს… რუსულად გამართულად ვლაპარაკობ. გადამღებ ჯგუფს შევთავაზე: თუ საჭიროა, უფრო მეტად ქართული აქცენტი მექნება-მეთქი. მითხრეს, – როგორც საუბრობ, ისე განაგრძე. რუსულად გამართულად კი ლაპარაკობ, მაგრამ ქართული აქცენტი საკმარისად გაქვს და სწორედ ეგ გვინდოდაო.
_ შენი პერსონაჟის მეუღლის როლისთვის ვინ შეარჩიეთ?
_ გიგას მეუღლეს მარინა ალექსანდროვა ასრულებს. ქართველი მაყურებელი მას იცნობს გიორგი შენგელაიას ფილმიდან – "მიდიოდა მატარებელი"…
_ ბეზრუკოვი როგორი პარტნიორია?
_ ის პროფესიონალია. სულ გადარბენაზე იყო, ძნელი მოსახელთებელი გახლდათ. თუმცა, ერთმანეთს გადასაღები მოედნის მიღმაც გამოველაპარაკეთ და საინტერესო მოსაუბრეა. უყვარს საქართველო, ქართველი ხალხი – პირადად მე, ამას ვგრძნობდი არა მარტო მისგან, მთელი გადამღები ჯგუფისგან… წესია ასეთი: მეასე კადრის გადაღება რომ დასრულდება, ამ ფაქტს აღნიშნავენ ხოლმე. ჰოდა, როდესაც ყველანი შევიკრიბეთ, რეჟისორმა თქვა: ჩვენ შორის თამადების ქვეყნიდან ჩამოსული კაცი იმყოფება და მოდი, ეს საქმე მას მივანდოთო. მესიამოვნა ეს ჟესტი…
სხვათა შორის, ორი სომეხი ბიჭი – ვაგრამა და რადიკა გავიცანი. ისინი კასკადიორები არიან და ერთ-ერთ მათგანი თბილისელია. ძალიან თბილი ტიპები იყვნენ… ვფიქრობ, გემრიელი საახალწლო კომედია გამოვა და იმედია, ფილმს თბილისის კინოთეატრებშიც უჩვენებენ.
_ როგორ ფიქრობ, რუსულ პროექტში მონაწილეობას რომ დათანხმდი, ქართველ მაყურებელს ეს მოეწონება?
_ როდესაც პროექტში – "ორი ვარსკვლავი" ბულატ ოკუჯავას რუსული სიმღერა შევასრულე, ამაზეც ატყდა ერთი ამბავი. მერე გადაცემაში – "განოსა და კოტეს შოუ" ზოგიერთმა სტუმარმაც გამიპროტესტა: რუსული სიმღერა როგორ შეასრულე, ისინი ხომ ოკუპანტები არიანო?! როდესაც ჩემს ქვეყანას მტერი შემოესევა, ავიღებ ავტომატს და დავდგები იქ, სადაც საჭიროა, მაგრამ კულტურას ეროვნება არ გააჩნია. ეს არის ერთ-ერთი გზა, რომლითაც შეიძლება, მთელ მსოფლიოს დავუახლოვდეთ. როდესაც მე და ბეზრუკოვი ვლაპარაკობდით, ჩვენ არ გვაინტერესებდა პოლიტიკა და ამ თემაზე სიტყვაც არ დაგვცდენია. უბრალოდ, აღვნიშნეთ: ცუდია, რომ ჩვენ შორის უფრო აქტიური ურთიერთობა აღარ არის. ამბობდა, – თქვენ გენიალური კინოსკოლა გაქვთ, დიდებული არტისტები გყავთო. ზეპირად იცის ქართული კინოფილმები. ვიმეორებ, ის პროფესიონალი მსახიობია. მე მიყვარს ჩემი საქმე და როცა მომეცა შანსი, საინტერესო ადამიანები გამეცნო, რატომ უნდა მეთქვა ამაზე უარი?! იმედი მაქვს, ჩემს ამ ნაბიჯს ყველა გაგებით მოეკიდება. ყველამ იცის, რომ სიგიჟემდე მიყვარს ჩემი ქვეყანა, მაგრამ მსახიობობაა ჩემი საქმე და არა – პოლიტიკა.