"კახეთის რეგიონში სასოფლო-სამეურნეო სავარგულებში სეტყვისაგან მიყენებული ზარალი 80-90%-ით შემცირდება", _ ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, როდესაც სოფელ ნუკრიანში განთავსებული "დელტას" სეტყვის საწინააღმდეგო რადარი დაათვალიერა.
სეტყვის საწინააღმდეგო ავტომატიზებული სისტემის ღირებულება 14 მილიონ ლარს აღემატება. პროექტის ძირითადი ნაწილი უკვე შესრულებულია. ნუკრიანში, ჭოტორის მთაზე დასრულდა რადარის მშენებლობა, რომლითაც იმართება 83 საცეცხლე წერტილი.
"ეს არის უპრეცედენტო პროექტი, რომელიც იყო ჩვენი ხელისუფლების დაპირება. წლების განმავლობაში, კახეთის რეგიონი ზარალდებოდა უამინდობის გამო და ეს იყო გადაუჭრელი პრობლემა. გლეხს წყალში ეყრებოდა მთელი წლის შრომა. ასევე არ ხდებოდა მოსავლის დაზღვევა. ჩვენ ამ მოწყობილობისთვის უკვე დავხარჯეთ 14 მილიონი ლარი. მისასალმებელია, რომ სსიპ "დელტა" ამ უაღრესად საჭირო და აუცილებელ პროექტს ახორციელებს და დიდი მადლობა ყველას ამ მნიშვნელოვანი საქმისთვის. როგორც სპეციალისტები აცხადებენ, დაახლოებით 80-90 პროცენტით შემცირდება ზარალი. ასევე დავიწყეთ მოსავლის დაზღვევის პროგრამა, რაც არის დიდი შეღავათი ფერმერებისთვის,"_ განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
სოფელ ნუკრიანში პრემიერ-მინისტრი მთავრობის წევრებთან და კახეთის გუბერნატორთან ერთად იმყოფებოდა.