"გურია ნიუსის" ვებგევრდზე გამოქვეყნებულ მასალას: "ომბუდსმენი: ნამდვილად უმძიმეს შთაბეჭდილებას ტოვებს ამ ადამიანების ცხოვრების არასათანადო დონე", კომენტარს აკეთებს ქალაქ ოზურგეთის მერია:
"შევარდნაძის ქუჩაზე მდებარე კორპუსების მცხოვრებთა მძიმე საცხოვრებელი პირობების შესახებ ინფორმაციას ვფლობთ. აღნიშნული კორპუსები და მისი მიმდებარე ტერიტორია აუცილებლად საჭიროებს რეაბილიტაციას.
ამ ეტაპზე 2015 წლის ბიუჯეტში ჩასმულია შევარდნაძის ქუჩაზე არსებული კორპუსის სახურავის კაპიტალური რეაბილიტაცია, რომელიც ახლო მომავალში დაიწყება.
რაც შეეხება სხვა სახის ინფრასტრუქტურულ პრობლემებს, სამწუხაროდ, წლევანდელი წლის ბიუჯეტით აღნიშნული სამუშაოების ფინანსური უზრუნველყოფა ვერ ხერხდება, თუმცა მომავალი წლის ბიუჯეტში შევარდნაძის ქუჩაზე ჩასატარებელი სამუშაოები გათვალისწინებული იქნება.
რაც შეეხება აღნიშნული კორპუსების მცხოვრებთა შეჭირვებულ მდგომარეობას, მათგან ხუთი მოქალაქე ქალაქის მერიის სოციალური პროგრამების ფარგლებში დაფინანსდა, სადაც გათვალისწინებულ იქნა მათი მძიმე საცხოვრებელი პირობები. დანარჩენ მოქალაქეებს, რომელთაც სოციალური მომსახურების სააგენტოსგან 57 000-150 000 ქულა მიენიჭათ და შესაბამისად, ყოველთვიურ ფულად დახმარებას ვერ იღებენ, შეუძლიათ განცხადება ქალაქის მერიაში დაწერონ და თუ მათი მდგომარეობა რომელიმე სოციალური პროგრამის პირობებს დააკმაყოფილებს, ისინი ერთჯერად ფულად დახმარებას მიიღებენ. ეს არის მაქსიმუმი შესაძლებლობა, რომლის გამოყენებაც ქალაქის მერიას ამ ადამიანების დასახმარებლად, ამ ეტაპზე, შეუძლია.
ცალკე თემაა საცხოვრებელი ფართების საკუთრებაში გადაცემის საკითხი. ამისთვის ერთგვარი, იურიდიული პროცედურა არსებობს. მოქალაქემ პრივატიზების მოთხოვნით განცხადება ჯერ ქალაქის მერიაში უნდა დაწეროს. გამომდინარე იქიდან, რომ შევარდნაძის ქუჩის მცხოვრებლებს არ გააჩნიათ პრივატიზაციისთვის საჭირო დოკუმენტაცია, ქალაქის მერიისგან უარს მიიღებენ. აღნიშნული დოკუმენტით შესაძლებელია სასამართლოში სარჩელის შეტანა, სადაც სხვადასხვა იურიდიულ ფაქტზე დაყრდნობით მოქალაქეს საცხოვრებელი ფართი დაუკანონდება." – აღნიშნულია განცხადებაში.































































