ოზურგეთი მდებარეობს მდინარეებს ნატანებსა და ბჟუჟს შორის, ვაკეზე, ზღვის დონიდან 200 მეტრზე. ქალაქი აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ გაშლილია 7 კილომეტრზე.
სახელწოდება პირველად წერილობით წყაროებში მოხსენიებულია XVI საუკუნეში ბერი ეგნატაშვილის „ახალი ქართლის ცხოვრებაში“. ოზურგეთს აგრეთვე იხსენიებს ვახუშტი ბატონიშვილი.
ქალაქის სახელის წარმოშობის ორი გავრცელებული ვერსია არსებობს. მოსე ჯანაშვილის თანახმად, ის წარმოიშვა დასახლების ჩრდილოეთითა და სამხრეთით მდებარე სერების, მოიდანახესა და ექადიას (ან სერის), გამო, რომლებიც ქალაქის ზურგის ფუნქციას ასრულებდნენ (ორ-ზურგ-ეთი). თედო სახოკიას თანახმად ოზურგეთი მეგრული წარმოშობის ტოპონიმია, სადაც მეგრული თავსართი „ო“ შეესაბამება ქართულ თავსართს „ა“ (ო-ზურგ-ეთი, სა-ზურგ-ეთი). სახოკიას მიხედვით, ოზურგეთი და მისი შემოგარენი ზურგის ფუნქციას ასრულებდა დასავლეთ საქართველოს ისტორიულ მტერთან, ოსმალეთის იმპერიასთან ბრძოლაში და ამით აიხსნება ქალაქის სახელწოდება.
ოზურგეთი წარმოიქმნა გვიან ფეოდალურ ხანაში, იყო გურიის სამთავროს ცენტრი. გვიან შუა საუკუნეებში ოზურგეთი სავაჭრო ქალაქს წარმოადგენდა. ამას ადასტურებს ქალაქში აღმოჩენილი ვერცხლის მონეტების განძი – ოზურგეთის განძი – ვერცხლის 270 მონეტა.
ოზურგეთი პირველად ნახსენებია ახალი ქართლის ცხოვრებაში XVI საუკუნეში: „მაშინ გიორგი გურიელმან ყო ეგრეთ: დაიჭია დათულია და დაატყვევა ოზურგეთს და საჯავახო თვითონ დაიპყრო“.
ოზურგეთს იხსენიებს ბატონიშვილი ვახუშტი: „ოზურგეთს არის სასახლე დიდშენი და კეთილ-პალატოვანი გურიელისა“. გურიის უკანასკნელი მთავარმა მამია V გურიელმა ოზურგეთში, სადაც მშვენიერი სასახლე აუშენებია. როცა გურიის სამთავრო გაუქმდა, ეს სასახლე საშინლად გაოხრებული ყოფილა და შეკეთებას საჭიროებდა. დიმიტრი ბაქრაძე წერსდა ,,ოზურგეთი ჰავის მიხედვით გურიის ერთ-ერთ საუკეთესო ადგილად ითვლება. როგორც ცნობილია, იგი გურიის მთავართა საზამთრო რეზიდენცია იყო. მათი ყოფილი სასახლე ახლა ლაზარეთს უჭირავს“. მამია გურიელის აშენებული სასახლე შემორჩენილი არ არის, მისი ნაშთები შეიწირა კულტურის სახლის მშენებლობამ. შემორჩენილია მხოლოდ სასახლის აბანოები.
ოზურგეთი აღწერილი აქვთ იტალიელ მისიონერებს დონ ქრისტიფორე დე კასტელს, ანტონიო ჯარდინას, კლიმენტო გალიანოს, რომლებიც 1628-54 წლებში სამისიონერო მოღვაწეობას ეწეოდნენ კავკასიაში და 7 წელი ცხოვრობდნენ ოზურგეთში.
იხილეთ ვიდეო ქალაქი ოზურგეთი 1940-1970 წლებში
ვიდეოს წყარო: https://www.facebook.com/ozugeo?pnref=story