ქალაქ ოზურგეთის მერიამ საბილიარდოს მოწყობის პროექტის შესადგენად, არქიტექტურულ და მასთან დაკავშირებულ მომსახურებებზე 1 270 ლარიანი ტენდერი 2015 წლის 26 მარტს გამოაცხადა. საბილიარდოს მოწყობა კი 47 735 ლარი დაჯდება, რომელიც ქალაქ ოზურგეთში რუსთაველის ქუჩაზე განთავსდება, სადაც ამჟამად ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვის, მობილიზაციისა და გაწვევის სამსახურია განთავსებული.
ქალაქ ოზურგეთში საბილიარდოს მოწყობასთან დაკავშირებით საკრებულოს დეპუტატმა ნათია შარაშენიძემ მის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნა, რომ მძიმე სოციალურ ფონზე ქალაქ ოზურგეთის მერია გართობისთვის ათიათასებს არ იშურებს:
"ბოლო თქვენი ახირების შესახებ გავიგე – საბილიარდოს გახსნის სურვილი გაგჩენიათ ქალაქში, რომელიც 49 ათასი ლარი დაჯდება, ეს იმ ქალაქში, სადაც ბავშვები შიმშილობენ, სცივათ, სწყურიათ და ელემენტარული პირობები არ გააჩნიათ, რომ ჯანმრთელები გაიზარდონ. ეს იმ ქალაქში, სადაც უმუშევრობა და სიღარიბე ერთნაირად მძიმედ უტევს გაჭირვებულ ხალხს, თქვენ კი გართობისთვის ათასები, ათიათასები არ გენანებათ, მაშინ როცა გასაცოდავებულ მოქალაქეებს წელიწადში 150 ლარით ეხმარება მერია, თქვენ ადრე თუ გვიან პასუხს მოგთხოვთ ხალხი და სამართალი იმ ყველაფრისთვის, რასაც სჩადიხართ."
საკრებულოს დეპუტატი თამარ ნადირიძე "გურია ნიუსთან" განმარტავს, რომ საბილიარდოს მოწყობასთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობდა.
"ჩემთვის უცნობი იყო ბილიარდის მოწყობასთან დაკავშირებით ინფორმაცია, ბოლო დღეებია რაც გავიგე, დაწყებული მაქვს ამ საკითხის შესწავლა და შესაბამისს ინფორმაციას აუცილებლად მივწვდი საზოგადოებას. საერთოდ ვეწინააღმდეგები მერის მიერ მიღებულ ყველა იმ გადაწყვეტილებას, რომელიც საზოგადოებასთან არ არის შეთანხმებული. რასაკვირველია, აღნიშნული ფაქტიც არის ბუნდოვანი და გაურკვეველი. კარგია გართობაც, მაგრამ არა იმის ფონზე, როცა ადამიანები შიმშილის ზღვარზეა მისული",_ აღნიშნავს ნადირიძე.
ქალაქ ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარე გელა კობალაძეს ქალაქ ოზურგეთში საბილიარდოს მოწყობას მხარს უჭერს. მისი განმარტებით, ამით ახალგაზარდებს შეუქმნიან ყველა პირობას იმისათვის, რომ გაერთონ, სპორტით დაკავდნენ.
როგორც კობალაძე აღნიშნავს, საბილიარდოს მოწყობით ჩატარდება ტურნირები, თამაშები, რაც ძალიან კარგია ახალგაზრდებისათვის.
ქალაქ ოზურგეთის მერიის პოზიცია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ასეთია: "ქალაქში ახალგაზრდებისთვის გასართობი ადგილების სიმცირეა. კონკრეტულად, ბილიარდი ჩვენი ახირება არ გახლავთ. სპორტის ეს სახეობა ახალგაზრდებში დიდი პოპულარობით სარგებლობს, ამიტომ გადავწყვიტეთ ოზურგეთელებისთვის თავშეყრისა და თავისუფალი დროის საინტერესოდ გატარების შესაძლებლობა მიგვეცა. ამ მიზნით გამოვყავით თანხა – 47 735 ლარი ბიუჯეტიდან. საბილიარდო რუსთაველის ქუჩაზე მოეწყობა. ეს ადგილი გამოიყენება როგორც სპორტის ამ სახეობისთვის, ასევე, ახალგაზრდული ღონისძიებების ჩასატარებლად".
რაც შეეხება, ფასიანი იქნება თუ არა საბილიარდო, ამაზე ქალაქ ოზურგეთის მერიაში გვპასუხობენ, რომ, ჯერჯერობით ამ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არ მიუღიათ.