"მინდა ყველას ვუთხრა, რომ სახეზეა ჯანსაღი პოლიტიკური პროცესი. ცვლილებები ნორმალურია. გარწმუნებთ, რომ ჩვენი გუნდი ერთიანია, "ქართულ ოცნებას" აქვს საერთო პოლიტიკური მიზნები და ეს გვაერთიანებს ჩვენ", _ ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის მოვალეობის შემსრულებელმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, იგი პარლამენტს მთავრობის ახალ შემადგენლობას წარუდგენს. ახალი მინისტრები კი მხოლოდ იმ უწყებებს ეყოლებათ, რომელთა პირველებიც გადადგნენ.
ღარიბაშვილმა ლევან ყიფიანს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მისი გამოცდილება აუცილებლად გამოსაყენებელია.
ირაკლი ღარიბაშვილმა ისაუბრა დაგეგმილ პროცესებზეც, რომელიც საქართველოსთვის მნიშვნელოვანია.
"მოახლოებულია არაერთი მნიშვნელოვანი პროცესი, მათ შორის რიგის სამიტი. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ რიგის სამიტზე საქართველოს მიღწევები დაფიქსირდეს. იმედი გვაქვს პოზიტიურად და ობიექტურად დაფასდება მიღწეული პროგრესი", _ აღნიშნა პრემიერის მოვალეობის შემსრულებელმა.
მისივე თქმით, იგი ესაუბრა მერკელს, რომელმაც მხარდაჭერა დაუდასტურა.
"ჩვენ ვისაუბრეთ რეგიონში არსებულ ვითარებაზე, მიღწევებზე, რომლებიც მიმდინარეობს საქართველოში და აუცილებლად პოზიტიურ დასასრულამდე მიგვიყვანს."