უმცირესობის წარმომადგენელი გიორგი თევდორაძე პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გასულ კვირას იმერეთში გაკეთებულ განცხადებებს პარლამენტის დარბაზიდან გამოეხმაურა:
"არა ვარ დარწმუნებული, იმ ახალი მთავრობის შემადგენლობაში, რომელიც ამ სხდომათა დარბაზში დამტკიცდება, იქნება თუ არა ირაკლი ღარიბაშვილი. ვინაიდან საქართველოს ჰყავს მხოლოდ ფიქტიური პრემიერ-მინისტრი, რომელიც ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე იმაზე ნაკლებ გავლენას ახდენს, ვიდრე ბიძინა ივანიშვილის უშუალო გარემოცვის ნებისმიერი რიგითი წევრი. მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ მის მიერ რამდენიმე დღის წინ ქუთაისში გაკეთებული განცხადება გამოხატავდა არა მის სუბიქტურ აზრს, არამედ ზოგად განწყობას, რომელიც მმართველ გუნდს ქუთაისთან და იმერეთთან დაკავშირებით გააჩნია.
არსებობდა გარკვეული მოლოდინი, რომ ჩვენ კონკრეტულ გეგმას მოვისმენდით იმერეთის რეგიონის ხვალინდელ დღესთან დაკავშირებით, მაგრამ ხელისუფლებამ სანაცვლოდ იაფფასიანი აბსურდის თეატრი შემოგვთავაზა", – განაცხადა გიორგი თევდორაძემ.
მისივე თქმით, პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ წყალტუბო შეიძლება იქცეს უმნიშვნელოვანეს ბალნეოლოგიურ კურორტად, თუმცა, წინა ხელისუფლების პირობებში ეს პროექტი 2014 წლის ბოლოსთვის უნდა დასრულებულიყო; ასევე, პრემიერმა გააჟღერა "სასიამოვნო ნოვაცია" ქუთაისის 24-საათიანი წყალმომარაგების შესახებ, თუმცა წყალგაყვანილობის სისტემის რეაბილიტაცია, რომელიც 2013 წლის ბოლოსთვის უნდა დასრულებულიყო, ახალი ხელისუფლების პირობებში შეჩერებული იყო.
"თუმცა ყველაზე საინტერესო განცხადების ის ნაწილი გახლდათ, რომელიც პოლიტიკური უპასუხიმგებლობის, არასახელმწიფოებრიობის და ცინიკური დამოკიდებულების ერთგვარი ნათელი მაგალითია, რომ თითქოს მთავრობის სახლი საპრივატიზაციო ობიექტთა ნუსხაში უნდა ჩასვან, ხოლო საპარლამენტო შენობას რაიმე ფუნქცია უნდა მოეძენოს.
საპარლამენტო შენობის ფუნქცია არის ქვეყნის კონსტიტუციით განპირობებული, ასე რომ, მეტი პატივი უნდა ვცეთ ქვეყნის კონსტიტუციას, მთავრობის წარმომადგენლობის სახლს ქუთაისში. თქვენი გარკვეულწილად გულისწყვეტა მთავრობასა და პარლამენტს შორის კოორდინაციის ნაკლებობასთან დაკავშირებით, ამ შენობის უნდა გადაეწყვიტა", – განაცხადა თევდორაძემ.
მისივე თქმით, ყველაზე სავალალოა ისაა, რომ მთავრობას ქუთაისის და,ზოგადად, იმერეთის რეგიონის განვითარების არანაირი ალტერატიული გეგმა და პროექტი არ გააჩნია.