დღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების – გერბისა და დროშის შექმნის თაობაზე ჩასატარებელ სამუშაოთა ორგანიზებული ჯგუფი შეიკრიბა და დალუქული კონვერტები გახსნეს, რომელშიც წარმოდგენილი იყო ოზურგეთის გერბის და დროშის საუკეთესო ესკიზები.
სპეციალურ დაფაზე ნამუშევრების განთავსების შემდეგ, ჯგუფის თავმჯდომარე დიმიტრი კვერღელიძემ განაცხადა, რომ კონკურსში მონაწილეთა ნამუშევრები ყველა საუკეთესოა, თუმცა "ავტორთა ჯგუფის" სპეციალური კოდით შემოსული ესკიზით აღფრთოვანებული დარჩნენ. (ჯგუფის წევრები; თ.ლომჯარია, ს. სალუქვაძე, რ. ჯაში, ი.დარჩია).
"ამ ესკიზზე ხაზგასმულია ოზურგეთის გეოგრაფიული და ისტორიული მემკვიდრეობა. ზღვა სხვა რეგიონებშიცაა, მაგრამ მაგნიტური ქვიშა არის მხოლოდ აქ. გერბზე ჩანს ზღვის სანაპიროს, ალპური საძოვრების და მაგნეტიტის ქვიშის ფერი. შუაში კი გამოსახულია თამარის ნაქონი ჯვარი. ასევე მშვენიერია დროშა. ახლა ჩვენ ამ ნიმუშს გავუგზავნით ჰერალდიკის საბჭოს და ვიმედოვნებთ, დადებით პასუხს მივიღებთ, რის შემდეგაც ოზურგეთს ექნება ახალი, შესაფერისი სიმბოლოები", _ თქვა დიმიტრი კვერღელიძემ.
ლიხაურის, ექვთიმე თაყაიშვილის სახლ-მუზეუმის ხელმძღვანელმა, ცნობილმა ჟურნალისტმა რუსლან ურუშაძემ აღნიშნა, რომ კონკურსის შედეგებით კმაყოფილია.
"მახარებს ის ფაქტი, რომ ადამიანს აქვს ნიჭი და ფანტაზია იმისა, აღმოაჩინოს და წარმოაჩინოს რა მიესადაგება ყველაზე ძალიან ოზურგეთს. განსაკუთრებით ხაზს გავუსვამ თამარის ჯვარს და ასოციაცია არ უნდა მოხდეს თამარის გულსაკიდ ჯვართან, რომელიც სხვაგან ინახება. ეს არის თამარ მეფის საწინამძღვრო სალაშქრო ჯვარი, ბეთანიიდან წამოღებული და ინახება აჭის მონასტერში. ეს არის ჩვენი განძი", _ განმარტა მან.