დაურეგისტრირებელი სახერხი და უკანონოდ მითვისებული ასობით ნაძვი – ამ ბრალდებით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ლაითურში, სამართალდამცავებმა ებრაელი ინვესტორი იგორ ასკაროვი, გუშინ, გვიან ღამით, აიყვანეს.
როგორც დაბა ლაითურის მოსახლეობა "გურია ნიუსთან" აღნიშნავს, ასკაროვს უკანონოდ ჰქონდა მითვისებული ასობით ნაძვი, ასევე გაჩეხა ქარსაფარი ზოლი, რომელიც წლების განმავლობაში გრძელდებოდა, მაგრამ მიუხედავად აქ მცხოვრებლების არაერთი განცხადებისს, დღემდე, ამ თემასთან დაკავშირებით რეაგირება ხელისუფლებას არ ჰქონია.
დაბა ლაითურის მაჟორიტარი დეპუტატი რესან გაბაიზე აცხადებს, რომ ინვესტორს სოფლის წარმომადგენლების მხრიდან ნაძვების მოჭრაზე ნებართვა არ ჰქონდა, თუმცა მაინც მიითვისა უკანონოდ ნაძვები.
"მე არ დავსწრებივარ მის აყვანას. როგორც მე მაქვს ინფორმაცია, მოსახლეობის შეტყობინების საფუძველზე ამოვიდა გარემოს დაცვის თანამშრომლები, შემდეგ ზედამხედველობის სამსახური, პოლიციაც, იმიტომ რომ არ დაემორჩილა მათ, რადგან ისინი ითხოვდნენ, სახერხის დათვალიერებას, საბუთებს, პროკურატურასაც გადასცეს შემდეგ და მოხდა აჭარიდან გარემოს დაცვის სამსახურის თანამშრომლების მოსვლა და ასკაროვიც დააკავეს."
"გურია ნიუსის" წყაროს ინფორმაციით, იგორ ასკაროვს ნაძვების გაჩეხვასთან ერთად, გარემოს დაცვა ეზოში განთავსებული სახერხის გამოც ედავება, რადგან სახერხი ოფიციალურად არ არის დარეგისტრირებული.
ადგილზე მისულ "გურია ნიუსს" ასკაროვის მეუღლე ლეილა ლომინაძე დახვდა, რომელმაც აღნიშნა, რომ მისი მეუღლე სამართალდამცავებმა წინააღმდეგობის გაწევისთვის აიყვანეს. რაც შეეხება, ჩვენ კითხვას, არის თუ არა სახერხი დარეგისტრირებული, ის გვპასუხობს, რომ არა, თუმცა მოჭრილი ნაძვები მისი საკუთრებაა.
"გუშინ აიყვანეს ჩემი მეუღლე, წინააღმდეგობა გაუწია სამართალდამცავ ორგანოებს, მათ შიგნით უნდოდათ შემოსვლა და სახერხის დათვალიერება, ედავებიან, რომ სახერხი არ აქვს რეგისტრირებულიო. ნაძვები მის საკუთრებაში მოჭრა, ეს მისი საკუთრებაა", _აცხადებს ასკაროვის მეუღლე.
შემთხვევის ადგილზე გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აჭარის სამსახურის უფროსი ვახტანგ გოგიბერიძე და სამსახურის თანამშრომლები იმყოფებოდნენ.
ვახტანგ გოგიბერიძის განმარტებით, ის აღნიშნულ საკითხზე საქმეების მოკვლევის შემდეგ გააკეთებს კომენტარს.
შეგახსენებთ, რომ იგორ ასკაროვი, ის ებრაელი ინვესტორია, ვისაც წლების განმავლობაში დაბა ლაითურის მოსახლეობა მიწების უკანონოდ მითვისებაში ადანაშაულებს. როგორც აქ მცხოვრებლები აცხადებენ, ასკაროვმა ადგილობრივი მოხელეების და დაინტერესებული პირების ხელშეწყობით, უსამართლოდ იყიდა მიწის 50 ჰექტარი.