განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის, ლია გიგაურის განცხადებით, თბილისის 24-ე საჯარო სკოლაში ტუბერკულოზის ოთხი შემთხვევის გამოვლენის გამო სწავლის შეწყვეტის საჭიროება არ დგას.
მისივე თქმით, 24-ე სკოლაში ტუბერკულოზის ოთხი შემთხვევის გამოვლენის შესახებ განათლების სამინისტროს დაავადების კონტროლის ცენტრმა შეატყობინა.
"დაავადების კონტროლის ცენტრს ისე აქვს სისტემა, რომ ყველა კავშირს იკვლევს, ვისთან ჰქონდათ ამ ბავშვებს კავშირი, როგორც სკოლის ტერიტორიაზე, საკლასო სივრცეში, ასევე ნათესაურ კავშირებს. შემდეგ ხდება მათი გამოკვლევა და შესაბამისი ღონისძიებების გატარება. სკოლას ამის შესახებ უკვე შეატყობინეს", _ განაცხადა გიგაურმა და დასძინა, რომ დაავადებათა კონტროლის ცენტრი განათლების სამინისტროს პერიოდულად აწვდის ამ ღონისძიებების ნუსხას და სკოლები მუდმივად ატარებენ სანიტარულ-ჰიგიენურ აქციებს.
"იმ შემთხვევაში, როდესაც გამოვლენილია კიდევ დამატებითი შემთხვევა, რა თქმა უნდა, ტარდება შესაბამისი ღონისძიებები", _ განაცხადა მინისტრის მოადგილემ.