გურიის სამხარეო პროკურატურის ეგიდით, ლანჩხუთის სპორტული ცენტრის საცურაო აუზში ჩატარდა რეგიონული პირველობა ცურვაში მოსწავლეთა შორის, დევიზით _ "არა ნარკომანიას, არა ალკოჰოლს, არა თამბაქოს".
"შეჯიბრში გურიის სამივე რაიონის 36 მოსწავლე, როგორც გოგოები, ასევე, ვაჟები მონაწილეობდნენ. გუნდური პირველი ადგილი დაიკავა ლანჩხუთელმა მცურავეებმა, მეორე ადგილი ჩოხატაურის გუნდმა, მესამეზე კი ოზურგეთი გავიდა.
გამარჯვებულებს შესაბამისი მედლები და დიპლომები გადასცა ლანჩხუთის პროკურორმა მამუკა ნადირაძემ, გამგეობის სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსმა სოფო ჩხაიძემ და საკრებულოსა სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ია ჩხაიძემ“, _ აღნიშნულია ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელიც სტილის დაცვით შემოგთავაზეთ.
ამ ინფორმაციაში უცნაური არც არაფერი იქნებოდა (ინფორმაციის ტექსტის სტილზე არაფერს ვამბობთ), რომ არა ერთი სამწუხარო რეალობა _ გურიის მუნიციპალიტეტებს შორის ლანჩხუთი ერთადერთია, სადაც საცურაო აუზი ფუნქციონირებს.
_ მართალია, მონაწილეობა მივიღეთ და მეორე ადგილზეც გავედით, მაგრამ ეს ცოტა სასაცილოც კია. ბევრი ჩვენგანი აუზში პირველად ჩავიდა. მიუხედავად ახალგაზრდების მოთხოვნისა, ჩოხატაურის ხელისუფლებამ ამ დრომდე ვერ მოახერხა, რომ ჩვენთანაც იყოს აუზი, გვქონდეს საშუალება, რომ სპორტის ერთ-ერთი საუკეთესო სახეობით დავკავდეთ, _ აღნიშნეს ჩვენთან საუბრისას ჩოხატაურელმა მოცურავეებმა და დასძინეს, რომ მათი მეორე ადგილი მდინარე სუფსის დამსახურებაა.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი ამბობს, რომ აუზის აშენებაზე ფიქრობენ:
_ არსებობს იდეა, რომ აღვადგინოთ ყოფილი სპორტკომპლექსი. ამაზე საუბარი უკვე დაწყებულია, არსებობს მონახაზიც, თუმცა, ჯერ გახორციელების გზები არ გვიძებნია. შემიძლია გითხრათ, რომ ამ თემაზე ვმუშაობთ, უფრო მეტ კონკრეტიკას ვერ გეტყვით, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ირაკლი კუჭავამ.
ჩოხატაურელი მოსწავლეების მსგავსად აუზის არარსებობაზე საუბრობენ ოზურგეთშიც.
შეჯიბრში მონაწილე ოზურგეთელების თქმით, მათი ასპარეზობა კურიოზად შეიძლება ჩაითვალოს:
"საცურაო აუზში ვარჯიშს ვინ ამბობს, ბევრი ჩვენგანი აუზში პირველად ჩავედა“, _ ამბობენ ოზურგეთელი ბავშვები, რომლებიც ხელისუფლებას სთხოვენ, რომ აუზი გაუხსნან.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია ამბობს, რომ ამ თემაზე საუბარი მისი ხელისუფლებაში ყოფნის დროს არ ყოფილა.
_ არაფერი ვიცი, არ გამიგია, _ დაგვიზუსტა დარჩიამ.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის, მერაბ ჭანუყვაძის თქმით, საცურაო აუზი "ძვირი სიამოვნებაა“:
_ სამწუხაროდ, ბიუჯეტი არ გვაძლევს ამის საშუალებას. სიმართლე გითხრათ, ეს ჩემი ოცნებაა, მაგრამ წელს ნამდვილად ვერ მოვახერხებთ, _ გვითხრა ჭანუყვაძემ.
ქალაქ ოზურგეთის მერის მოადგილის კობა დუნდუას თქმით ამას სპორტისა და ახლგაზრდობის საქმეთა სამინისტრო გეგმავდა.
_ ჩვენ არ გვაქვს გეგმებში. ვფლობთ ინფორმაციას, რომ ოზურგეთში აუზის გაკეთებას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო გეგმავდა, _ გვითხრა დუნდუამ.