ცოტა ხნის წინ ჰოლივუდის მსახიობმა ლივ ტაილერმა ჟურნალ „Elle“-სთვის მიცემულ ინტერვიუში საკუთარი სილამაზის საიდუმლოებები გაამხილა.
იმისათვის, რომ თვალისმომჭრელად გამოიყურებოდეს, ვარსკვლავს კიტრის წვენი, დიდი რაოდენობით თმის კონდიციონერი, იდეალური მანიკიური და ბევრი სხვა რამ ეხმარება.
"Givenchy"-ს სახემ აღიარა, რომ მასზე დიდი გავლენა პანკ-როკერმა დედიკომ ბიბი ბიუელმა და ტაილერის მშვენიერმა ბებომ იქონიეს. ამ უკანასკნელმა ლივს უამრავი რამ ასწავლა, მაგალითად, ის, რომ თავს ყოველთვის უნდა მოუაროს, კარგი სურნელი უნდა ასდიოდეს და რაც შეიძლება მეტი დრო დაუთმოს გარეგნობაზე ზრუნვას.
ლივს ბებომ ისიც ურჩია, რომ აბაზანის მიღებისას მეტი სისუფთავისთვის ფრჩხილების ქვეშ თეთრი ფანქარი წაისვას. ვარსკვლავი თავისი ლამაზი და მბზინვარე თმისთვის სავსე პეშვით კონდიციონერს იყენებს და დიდი ხნის მანძილზე არ იბანს, რაც თმას არბილებს და აფუმფულებს.
მსახიობის მამა, როკერი სტივენ ტაილერიც გრძელ დალალებს ატარებს და ისიც დიდ დროს უთმობს ვარცხნილობაზე ზრუნვას. მამა-შვილი სახის მოვლის საშუალებებით ერთმანეთს ეჯიბრება.
აღმოჩნდა, რომ ჯგუფ "Aerosmith"-ის სოლისტს სახის საცხებითა და ნიღბებით მთელი კარადა აქვს გამოტენილი. ლივი კვებასაც დიდ ყურადღებას აქცევს და ცდილობს, მხოლოდ ჯანსაღი და სასარგებლო პროდუქტები მიიღოს. გოგონა დარწმუნებულია, რომ ახლადგამოწურული წვენები, განსაკუთრებით კიტრის წვენი კანისთვის ძალიან სასარგებლოა.