საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ქობულეთში დატრიალებული ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს.
"უდიდეს მწუხარებას გამოვთქვამ ქობულეთში ხანძრის შედეგად დატრიალებული ტრაგედიის გამო, რომელმაც სამი მოზარდის სიცოცხლე შეიწირა. ამ უბედურებამ მთელი საქართველო შეძრა. თანავუგრძნობ და ვიზიარებ დაღუპულთა ოჯახების მწუხარებას. უბედურ შემთხვევას 45 ადამიანის სიცოცხლე გადაურჩა, მათ შორის – 31 მოზარდის. ისინი ცეცხლმოკიდებული შენობიდან პოლიციელებმა და მაშველებმა საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად გამოიყვანეს", – ნათქვამია პრემიერ-მინისტრის განცხადებაში.
ამასთან, შესაბამის სამსახურებს უკვე დაევალა გამოიძიონ მომხდარის მიზეზები და სათანადო ზომები მიიღონ. დაღუპული მოზარდების დაკრძალვის ყველა ხარჯს მთავრობა გაიღებს.
რევაზ დემეტრაშვილი, დავით ზაქრაძე და თორნიკე ხვიჩია ფოლკლორული ანსამბლის – ”სიხარული 2”-ის წევრები იყვნენ. ისინი, თანატოლებთან, ერთად ქობულეთში ფესტივალში მონაწილეობისთვის იყვნენ ჩასული.