ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი, ქართულ ბიზნესში რუსული კაპიტალის არსებობის შესახებ საუბრობს.
კვლევაში სექტორების მიხედვით წარმოდგენილია საქართველოში დაფუძნებული ის კომპანიები, რომლებსაც რუსეთის მოქალაქეები ფლობენ. აღნიშნულია, თუ როგორ და როდის აღმოჩნდა მათ ხელში სხვდასხვა ობიექტები. კვლევაში მოყვანილი ინფორმაცია ეყრდნობა ოფიციალურ დოკუმენტაციას და მედიით გავრცელებულ ცნობებს.
კვლევის მიხედვით, ელექტროენერგია ის სფეროა, სადაც რუსული კომპანიები და რუსეთის მოქალაქეების მიერ დაფუძნებული კომპანიები ყველაზე ფართოდ არიან წარმოდგენილნი ქართულ ბაზარზე. მათ შორის უმსხვილესია რუსული „ინტერ რაო“(ИНТЕР РАО ЕЭС). „ინტერ რაოს“ აქციონერები რუსეთის ხელისუფლებასთან აფილირებული კომპანიები არიან. სამეთვალყურეო საბჭოში კი შედიან – რუსეთის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ვიაჩესლავ კრავჩენკო, “გაზპრომის” ერთ-ერთი ხელმძღვანელი დენის ფედოროვი, გაზის კომპანია “როსნეფტის” პრეზიდენტი იგორ სეჩინი, რუსული ტექნოლოგიების სახელმწიფო კორპორაციის ხელმძღვანელის მოადგილე დიმიტრი შუგაევი, რუსული სახელმწიფო კორპორაციის, “ვნეშეკონობენქის” ხელმძღვანელი ვლადიმერ დმიტრიევი. მმართველ საბჭოს ბორის კოვალჩუკი ხელმძღვანელობს, რომელიც 2006-2009 წლებში რუსეთის მთავრობის პრიორიტეტული პროექტების დეპარტამენტის უფროსი იყო.
საქართველოში „ინტერ რაოს“ ეკუთვნის ენერგეტიკის გამანაწილებელი კომპანია სს „თელასის“ 75%, თბოსადგური შპს „მტკვარი ენერგეტიკი“ და მსხვილი ჰიდროელექტროსადგურები – „ხრამჰესი 1“ და „ხრამჰესი 2“. მასვე მართვაში აქვს გადაცემული კავკასიაში ყველაზე მძლავრი ელექტროსადგური „ენგურჰესი“.
IDFI-მ გამოიკვლია, რომ 2011 წელს “ხრამჰესის” გაყიდვიდან მიღებული თანხა (99 774 000 ლარი) ქუთაისში პარლამენტის ახალი შენობის აშენებას მოხმარდა.
2010 წელს საქართველოში დაფუძნებული კომპანიის შპს „ენერგიის“ საკუთრებაშია დარიალი ჰესი, ლარსი ჰესი და შილდა ჰესი. „ენერგიის“ 70 პროცენტი რუსეთის მოქალაქე მევლუდ ბლიაძეს ეკუთვნის, 30 პროცენტი კი შპს „ფერის“ მფლობელობაშია. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, მევლუდ ბლიაძის ინვესტიცია 2011 წელს რუსეთიდან განხორციელებულ ყველაზე მსხვილ ინვესტიციებს შორის მოხვდა. მევლუდ ბლიაძე რუსეთში ფლობს კომპანიას, რომელიც ხიდების მშენებლობასა და რეკონსტრუქციას ახორციელებს. მას მინიჭებული აქვს „რუსეთის დამსახურებული მშენებლის“ წოდება.
რუსეთის მოქალაქე ალი მარაევი ფლობს შპს “ენერგო ინვესტს”, რომელმაც ავანიჰესი უნდა ააშენოს. რუსეთისა და საქართველოს ორმაგი მოქალაქეობის მფლობელის, რაულ ქურდაძის საკუთრებაშია შპს “ფშავი ჰიდრო”. კომპანია სკურდიდი ჰესის მშენებლობას გეგმავს.
საქართველოს მთავრობამ შპს “ფშავი ჰიდროსთან” მემორანდუმი 2014 წლის 19 ივნისს გააფორმა. კომპანია იმ პერიოდში რამდენიმე თვის დაფუძნებული იყო – “ფშავი ჰიდროს” რეგისტრაციის თარიღი 2014 წლის 17 იანვარია.
რუსეთის ენერგეტიკული სისტემა არის ერთ-ერთი აქციონერი გაერთიანებული ენერგეტიკული სისტემა “საქრუსენერგოში”, რომელიც ქვეყნის ტერიტორიაზე ელექტროენერგიის გადამცემ ქსელებს განაგებს. "საქრუსენერგოს" საწესდებო კაპიტალში არსებული გადამცემი ხაზების მთლიანი სიგრძეა 908 კმ. მათ შორის, საქართველოს ტერიტორიაზე გამავალი 603 კმ სიგრძისა და რუსეთის ტერიტორიზე არსებული 305 კმ სიგრძის ელექტროგადამცემი ხაზები. ქონების საერთო ღირებულება 230 000 000 ლარია.
რუსეთის მოქალაქეები ფიგურირებენ წყალმომარაგების სექტორშიც. თბილისის წყალმმარაგებელი კომპანიის „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“მფლობელი ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული შპს „ჯორჯიან გლობალ იუთილითიზია“.მისი ერთ ერთი დირექტორი კი მიხაილ ტუზოვი, რომელიც სხვადასხვა დროს რუსული “ინეტრ რაოს” შვილობილ კომპანიებში მუშაობდა. რუსეთის მოქალაქეა “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” წარმოების დირექტორი ალექსეი ფროლოვიც, რომელიც მანამდე მუშაობდა ტექნიკური დირექტორის მოადგილედ შპს „როსვოდოკანალში“. ამავე ოფშორულ კომპანიას, „ჯორჯიან გლობალ იუთილითიზს“ ეკუთვნის რუსთავის წყალი და მცხეთის წყალკანალიც.
რუსული კომპანისი „ლუკოილის“ შვილობილი კომპანიაა „ლუკოილ ჯორჯია“, რომელიც ფლობს 62 ბენზინ-გასამართ სადგურს და ერთ-ერთი მსხვილი ნავთობ იმპორტიორი კომპანიაა საქართველოში. „ლუკოილი“ იმ რუსულ კომპანიებს შორისაა, რომელსაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა ყირიმის ანექსიის შემდეგ სანქციები დაუწესა დასავლეთში სანქცირებული რუსული კომპანია „როსნეფტიც“, რომელმაც “პეტროკას ენერჯი ლიმიტედის” 49%-იანი წილი შეიძინა. “პეტროკას ენერჯი ლიმიტედი” საქართველოში ფლობს ფოთის ნავთობ ტერმინალებს, ბენზინგასამართი სადგურების ქსელს, თუმცა, აღნიშნული მფლობელობა საქართველოს საჯარო რეესტრში არ არის რეგისტრირებული. გარიგებები ოფშორულ ზონებში რეგისტრირებული კომპანიების საშუალებით ხორციელდება. “პეტროკას ენერჯი ლიმიტედის” მფლობელი რუსეთში მოღვაწე ქართული წარმოშობის ბიზნესმენი დავით იაკობაშვილია.
მასვე ეკუთვნის შპს „სან პეტროლიუმ ჯორჯია“, რომელიც საქართველოში „გალფის“ ბრენდის 140 ბენზნინგასამართ სადგურს ფლობს.
რუსი მილიარდერები, დმიტრი ტროიცკი და დმიტრი კორჟიევები არიან ძვირფასი ლითონების მომპოვებელი კომპანიების RMG Gold-ისა(ყოფილი „კვარციტი“) და RMG Copper-ის (ყოფილი „მადნეული“) მფლობელები.
რუსი ოლიგარქის მიხაილ ფრიდმანის ხელშია მინერალური წყლების კომპანია „აიდიეს ბორჯომი საქართველო“. კომპანია აწარმოებს მინერალურ წყლებს – ბორჯომი, ლიკანი, ასევე სასმელ წყალს – ბორჯომის წყაროები, ბაკურიანი. ბორჯომის მოპოვების ლიცენზიას სწორედ ის ფლობს. მის საკუთრებაშია ჩამომსხმელი ქარხანა N1; ჩამომსხმელი ქარხანა N3. კომპანიას ბადრი პატარკაციშვილის ოჯახი ფლობდა. ფრიდმანის კუთვნილი უმსხვილესი საინვესტიციო კომპანია Alfa Group-ისთვის „ბორჯომის“ მიყიდვის შესახებ მათ 2013 წლის დასაწყისში განაცხადეს.
Alfa Group -ი ფლობს საკომუნიკაციო კომპანია Vimpelcom-ის 44%-საც. ამ ჯგუფის წევრია საქართველოს ბაზარზე არსებული მობილური ოპერატორი “ბილაინი”.
საქართველოში არსებული “ვითიბი ბანკი ჯორჯიას” მფლობელი რუსული ღსს “ვითიბი ბანკია”, ამ უკანასკნელის აქციების 58.99% კი რუსულ სახელმწიფოს ეკუთვნის.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიხედვით, 2014 წელს საქართველოში რუსეთიდან 66 მილიონი აშშ დოლარის პირდაპირი ინვესტიცია განხორციელდა და ამ მოცულობით რუსეთი საქართველოში შემოსულ პირდაპირ ინვესტიციებს შორის მერვე ადგილას დგას. პირველ ადგილს ნიდერლანდები იკავებს 331 მილიონი დოლარის ინვესტიციით. აღსანიშნავია, რომ ნიდერლანდებში ოფშორული ზონაა, სადაც ძირითადად რეგისტრირებულები არიან ის კომპანიები, რომლებიც მსხვილ ინვესტიციებს ახორციელებენ. ამ ოფშორული კომპანიების უკან რეალურად სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები დგანან, მათ შორის რუსეთისაც.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2014 წელს რუსეთიდან ყველაზე მსხვილი ინვესტიციები განხორციელდა შემდეგ კომპანიებიში: შპს „ვიმ-ბილ-დან საქართველო“ (სოფლის ნობათი), შპს „მობიტელი“(ბილაინი), შპს „ენერგია“, შპს „ჯლს“, შპს „კარლსბერგ საქართველო“(ბალტიკა), შპს „ელექტრონი“, შპს Club-2100, შპს „ჯორჯიან ჰოტელ მენეჯმენტ“, შპს ELITE DEVELOPMENT, შპს „ემბავუდ ჯორჯია“. 2013 წელს ამ სიაში შედიოდა „ტიფლისკი ვინნი პოგრებ“, „სტრომოსი“ (რუსთავის ავტოდრომი) და „ტრიდე“.