6 მაისს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა შედგა, ცხრასაკითხიანი დღის წესრიგით.
საკითხის _ "ოზურგეთის მუნიციპალტეტის 2015 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ", ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის N25 დადგენილებაში ცვლილების შესახებ", _ საფინანსო სამსახურის უფროსმა გია მამაკაიშვილმა ისაუბრა. მან განმარტა, რომ რამდენიმე სოფელში სხვადასხვა სამუშაოს შესასრულებლად ბიუჯეტში დაიგეგმა მუხლობრივი ცვლილებები: _ სოფელ ჭანიეთში ქარმა სახურავი გადააძრო ადმინისტრაციულ შენობას, რისთვისაც გამოიყოფა 16 500 ლარი. მომდევო კვირაში გამოცხადდება ტენდერი, გამოვლინდება გამარჯვებული და შენობა, რომლის სახურავიც სტიქიამ ძალიან დააზიანა, მალე გადაიხურება, _ თქვა გია მამაკაიშვილმა.
მან მოახლოებულ ტურისტულ სეზონზე და დაბა ურეკის სამზადისზეც ისაუბრა. კერძოდ, განმარტა, რომ უნდა მოხდეს გზების ორმული შეკეთება. ასევე, სოფლებში _ შრომასა და ვაკიჯვარში გზისა და ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოების განახლება მოხდება და უახლოეს პერიოდში ძირითადი სამუშაოები შესრულდება. აღნიშნულ საკითხს დეპუტატებმა კამათის გარეშე, თანხმობით უყარეს კენჭი.
"ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ", ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 4 მარტის დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, გამგებლის მოადგილემ არჩილ ყაზაიშვილმა ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, ჯერ კიდევ არაა შუალედური ზონა დადგენილი. ამიტომ ადმინისტრაციული ერთეულებისთვის დადგინდა ერთი კვადრატული მეტრი მიწის ზღვრული ფასი _ 4.992 ლარი. დასახლებათა შორის არეალებში ფასი განისაზღვრება დადგენილი მიწის ნორმატიული ფასის 25%-ის ოდენობით და შეადგენს 1.248 ლარს, საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში, თითოეულ მხარეს არსებული მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვრება ერთი კვმ-ზე 2.496 ლარით. ურეკის სარეკრეაციო ტერიტორიაზე არსებული მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვრება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში დადგენილი მიწის ნორმატიული ფასის ხუთმაგი ოდენობით და შეადგენს 24.96 ლარს.
აღნიშნული დადგენილების გამოქვეყნებისთანავე ამოქმედებას, დეპუტატებმა ასევე, სრული თანხმობით უყარეს კენჭი.
დღის წესრიგის მეოთხე საკითხს: "ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საპრივატიზებო ქონების ნუსხის დამტკიცების შესახებ", ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 19 თებერვლის განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე დეპუტატმა, აგრარულ საკითხთა, ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხების კომისიის თავმჯდომარემ შოთა ართმელაძემ ისაუბრა და თქვა, რომ "მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებით, უნდა დამტკიცდეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საპრივატიზებო ქონების ნუსხა თანდართული დანართის შესაბამისად. ადგილობრივ ბიუჯეტში თანხების მობილიზების მიზნით, მიზანშეწონილია აღნიშნული ქონების პრივატიზება აუქციონის წესით. კონტროლი ამ ყველაფერზე აგრარული და ქონების მართვის კომისიის თავმჯდომარესვე დაევალა. დაინტერესებულ პირებს კი შეეძლება, ერთი თვის ვადაში ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში გასაჩივრება".
შოთა ართმელაძემ დეპუტატებს გააცნო საპრივატიზაციო უძრავი ქონების სია. მათ შორის იყო სოფელ ჭანიეთში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე დამაგრებული შენობა-ნაგებობა.
სიის წარმოდგენას ხმაური მოჰყვა სოფელ ჭანიეთის მაჟორიტარი დეპუტატის, ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის, დავით მჟავანაძის გამოსვლის შემდეგ:
_ ეს შენობა სოფლის საკუთრებაა და მასში ადრე სარიტუალო დარბაზის მოწყობას გეგმავდა ადგილობრივი მოსახლეობა. თუ ხალხისთვის კარგი იქნება, მივესალმები, ზოგადად, სოფელში ინვესტიციის შემოდინებას, ერთ ლარადაც რომ მოხდეს საკუთრებაში გადაცემა, მაინც _ მთავარია, საქმე გაკეთდეს. თუმცა, ეს შენობა რომ აუქციონზე გადის, დეპუტატი ვარ და ამის შესახებ საკრებულოს სხდომაზე არ უნდა ვიგებდე. უნდა იცოდეს, ასევე, სოფელში მცხოვრებმა ხალხმა, _ თქვა მჟავანაძემ.
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ დიმიტრი კვერღელიძემ მჟავანაძეს უპასუხა, რომ ეს არის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული ქონება და აქვთ უფლება, აუქციონზე გამოიტანონ:
_ რაც შეეხება ერთ ლარად გაყიდვას, "ნაციონალები" ყიდდნენ ღირებულ ქონებას ერთ ლარად. ეს ჩვენი სტილი არ არის. აუქციონის პროცესი გამჭვირვალეა და ნებისმიერ ჭანიეთელს შეუძლია, მიიღოს მონაწილეობა ამ პროცესში. არავინ დაიჯეროს, რომ რამე "ჩაწყობით" და ხელისუფლებასთან დაახლოებული პირის სასარგებლოდ გადაწყდება, _ თქვა დიმიტრი კვერღელიძემ.
ხმაური და დავა კარგა ხანს გაგრძელდა, არა ერთხელ იქნა განმარტებული, რომ დღეისთვის ეს შენობა უსარგებლოდ არის დაკეტილი, ამორტიზებულიცაა და მხოლოდ აუქციონის მეშვეობითაა შესაძლებელი, სამომხმარებლო ფუნქცია დაუბრუნდეს. საბოლოოდ, ხმაურიანი ეპიზოდი დასრულდა და დადგენილებაში ცვლილების შეტანას კენჭი დეპუტატების სრულმა შემადგენლობამ უყარა, გარდა დავით მჟავანაძისა _ მან წინააღმდეგ მისცა ხმა.
დღის წესრიგით გათვალისწინებული მომდევნო საკითხების: "ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის ზაზა გობრონიძისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე" და "ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია "კოალიცია ქართული ოცნება _ ეროვნული ფორუმის" გაუქმების შესახებ", დეპუტატმა ეროდი გორდელაძემ ისაუბრა.
_ უმრავლესობისთვის ცნობილია, რომ დეპუტატი ზაზა გობრონიძე დაინიშნა შსს ორგანოებში. მან წინასწარ მოგვმართა განცხადებით და შეუწყდა სადეპუტატო უფლებამოსილება. ადგილმონაცვლის მიღება მომდევნო სხდომამდე ვერ მოხდება. ზაზა გობრონიძის გასვლამ გამოიწვია ის, რომ ფრაქციაში დარჩა ორი წევრი, რაც არ შეიძლება. ამიტომ მოვამზადეთ წერილი, საკრებულოს ფრაქცია "კოალიცია ქართული ოცნება _ ეროვნული ფორუმის გაუქმების შესახებ, _ თქვა ეროდი გორდელაძემ.
საკრებულოს დეპუტატებმა კენჭი უყარეს აღნიშნული ფრაქციის უფლებამოსილების შეწყვეტას.
დეპუტატებმა ასევე, მოკლე განხილვის შემდეგ, დადებითად უყარეს კენჭი "ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2015 წლის სახელმწიფო შესყიდვების გეგმის შესახებ" განკარგულებაში ცვლილებებს და "ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას საჯარო აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმისა და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმების დამტკიცების შესახებ" დადგენილების მისაღებად, საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყებას.