ამ წუთებში ქობულეთში სასტუმრო „არმაზი“ პოლიციის დაცვის ქვეშ იმყოფება და სასტუმროში სამართალდამცველები არავის უშვებენ.
დაცვის გაძლიერების მიზეზებზე ჯერჯერობით პოლიცია კომენტარს არ აკეთებს. თუმცა, ვრცელდება სხვადასხვა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რამდენიმე დღის წინმომხდარი ხანძრის მიზეზების დასადგენად, ქობულეთში ექსპერტ-კრიმინალისტთა ახალ ჯგუფს ელოდებიან.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში „გურია ნიუსს“ განუცხადეს, რომ ექსპერტებმა შემთხვევის ადგილას მუშაობა დაასრულეს. თუმცა, შენობა კვლავ დაცვის ქვეშ რჩება.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეოთხე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას ნიშნავს, რამაც გაუფრთხილებლობით გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, და ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ცხრიდან თორმეტ წლამდე.“
ხანძრის შედეგად, რომელიც ქობულეთში სასტუმრო „არმაზში“ (საზოგადოება მას ხასანას სასტუმროს სახელით უფრო იცნობს) გაჩნდა, სამი მოზარდი დაიღუპა. 40-ზე მეტი ადამიანის საშიში ზონიდან გამოყვანა კი მეხანძრეებმა და პოლიციელებმა მოახერხეს.