"დემოკრატიული მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ახვლედიანის თქმით, საქართველოში საზოგადოებრივი აზრის და განწყობების კვლევაზე მონოპოლია არა ქართულ, არამედ ამერიკულ ორგანიზაციებს აქვთ.
"საზოგადოებრივი აზრის კვლევა, უფრო ზუსტად კი საზოგადოებრივი აზრის ფორმირება, რომელიც შემოგვთავაზა NDI-მ, ეს არის პირდაპირპროპორციულად პოლიტიკური ომის გამოცხადება პოლიტიკური ძალისათვის, რომლის დამსახურებითაც ქვეყანაში განუხრელად იზრდება იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც აფასებენ რა მოვლენებს რეალურად და ობიექტურად, ქვეყნის ხელისუფლებისგან ითხოვენ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას რუსეთთან ფართომასშტაბიანი მოლაპარაკებების დასაწყებად.
ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ საქართველოში საზოგადოებრივი აზრის და განწყობების კვლევაზე მონოპოლია არა ქართულ, არამედ ამერიკულ ორგანიზაციებს აქვთ. თან იმის გათვალისწინებით, რომ ეს ორგანიზაციები არა კვლევითი ორგანიზაციები, არამედ ამერიკის რესპუბლიკური და დემოკრატიული პარტიების ინსტიტუტებს წარმოადგენენ. შესაბამისად, ჩვენ უკვე წლებია კვლევების სახით გვაწვდიან იმ ხედვებს, როგორითაც საქართველოში პოლიტიკური სიტუაციის დანახვა და რეალობის შექმნა სურთ პოლიტიკოსებს ვაშინგტონში“, – აცხადებს „დემოკრატიული მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ახვლედიანი.
ახვლედიანი ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ საქართველოში NDI-ს და IRI-ს დასაქმების ცენტრად ბოლო წლების განმავლობაში „ნაციონალური მოძრაობა“ იქცა. ამის მაგალითი მისი თქმით, იყო IRI-ს ყოფილი ხელმძღვანელის დიმიტრი შაშკინის სააკაშვილის ხელისუფლებაში გამინისტრება, ხოლო NDI-ს საქართველოს ერთ-ერთი ხელმძღვანელის თინათინ ბოკუჩავას „ნაციონალური მოძრაობის“ კვოტით გაპარლამენტარება. მისი აზრით, NDI და IRI საქართველოში ნაცმოძრაობის ხელისუფლებაში დაბრუნებაზე მუშაობენ.