"დემოკრატიული მოძრაობის" კახეთის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი ვალერი შოშიაშვილი თელავის თვითმმართველი თემის ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვას აპროტესტებს.
"საუბარია ათი ათას ლარამდე, რომელიც ბოლო ოთხი თვის განმავლობაში თელავის ბიუჯეტიდან რესტორნებში გადაირიცხა. ეს იმ დროს , როდესაც, მოსახლეობა მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაშია და ხშირად პურის ფულიც სანატრელი აქვს. თელავის გამგეობა კი ქამრების შემოჭერის ნაცვლად ფუფუნებას არ იკლებს" , _ ამბობს "დემოკრატიული მოძრაობის" კახეთის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი.
შოშიაშვილმა მუნიციპალიტეტის შენობის წინ ის დოკუმენტები გაასაჯაროვა, სადაც აღნიშნულია თუ რა თანხებს ხარჯავენ გამგების თანამშრომლები რესტორნებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ღორის მწვადი, ბასტურმის მწვადი, ხინკალი, ჩაქაფული და ხაშლამა, ტვინი კეცზე. შოშიაშვილის თქმით, პრაქტიკულად ყოველდღიურად ასეთი მენიუ აქვს გამოწერილი თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობას რესტორნებში, რომლის ასანაზღაურებლად თანხები ადგილობრივი ბიუჯეტიდან იხარჯება"
შოშიაშვილი აქვე განმარტავს, რომ დოკუმენტაცია, რომელიც სარესტორნე ხარჯის ამსახველია, მასში მითითებული არ არის კონკრეტულად თუ რა ვიზიტს ემსახურება გაწერილი თანხები და რამდენ ადამიანზე იყო სუფრა გათვლილი.
" ეს კი ეჭვს ბადებს, რომ ბიუჯეტიდან თანხა არა საქმიანი ვიზიტის დროს გაიწერა, არამედ ამ თანხებით გამგეობის მაღალჩინოსნები ან "პახმეილიაზე" გამოდიოდნენ , ან კიდევ საკუთარ ფინანსებს უფრთხილდებოდნენ", _ ამბობს შოშიაშვილი.