თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, კრწანისის რაიონს კიდევ ერთი სარეკრეაციო ზონა შეემატება.
თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთს, საცხოვრებელი ზონის ნაცვლად, სარეკრეაციო ზონის სტატუსი დედაქალაქის მერიის გადაწყვეტილებით მიენიჭა, რაც იმას ნიშნავს, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთი განუსხვისებელ (ძირითად) ქონებად და საერთო სარგებლობის ფართად დარჩება.
გორგასლის შესახვევში მდებარე N2 კორპუსის მაცხოვრებლებმა 2015 წლის 7 მაისს სსიპ "ქონების მართვის სააგენტოს" მიმართეს თხოვნით, რათა მათი კორპუსის მიმდებარედ არსებულ 2005კვ.მ მიწის ნაკვეთს სარეკრეაციო ზონის სტატუსი მინიჭებოდა. აღსანიშნავია, რომ ამავე ტერიტორიაზე განთავსებულია სპორტული მოედანი და მოსახლეობას სურს, მის მიმდებარედ დასასვენებელი სკვერი გაკეთდეს.
ქონების მართვის სააგენტომ, თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭოსთან ერთად, განიხილა აღნიშნული საკითხი და დააკმაყოფილა მოსახლეობის მოთხოვნა აღნიშნული ტერიტორიისთვის სარეკრეაციო ზონის სტატუსის მინიჭების თაობაზე.