გამოსაშვები გამოცდები 09:00 საათზე ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით საქართველოს 1600-მდე სკოლაში, ხვალ, ერთდროულად დაიწყება.
გამოცდისათვის 44 ათასზე მეტი მოსწავლეა დარეგისტრირებული.
მე-12 კლასის მოსწავლეები გამოცდას 4 საგანში (ქართული, ისტორია, უცხო ენა, მათემატიკა) ჩააბარებენ. გამოსაშვები გამოცდები კომპიუტერზე ადაპტირებული ტესტირების ქართული მოდელით (Gcat) ტარდება. მოსწავლის შესაძლებლობებზე მორგებული ტესტირების ქართული ვერსია – ალგორითმი და პროგრამული უზრუნველყოფა შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში შეიქმნა.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი მაია მიმინოშვილი გამოსაშვები გამოცდების მიმდინარეობის პროცესს თბილისის №166 სკოლაში, 11:00 საათზე, დაესწრება.