"მინდა ყველა აფხაზს მივულოცო "აფხაზეთობა" და მათ ვუთხრა, რომ ძალიან გვიყვარს ჩვენი აფხაზი ძმები და დები; გვინდა მათთან ერთად ვიცხოვროთ მშვიდად და გვქონდეს ურთიერთპატივისცემა და სიყვარული", _ ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ეთნოგრაფიულ მუზეუმში განაცხადა, სადაც დღეს სახალხო დღესასწაული "აფხაზეთობა" გაიმართა.
საქართველოს მთავრობის მეთაურმა აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას სახალხო დღესასწაული მიულოცა და საზეიმო ღონისძიებას დაესწრო.
ჟურნალისტებთან საუბრისას ირაკლი ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა მიმართულია აფხაზებთან ურთიერთობების განმტკიცებისა და ნდობის აღდგენისკენ.
"მიმაჩნია, რომ ეს გზა გამარჯვებამდე აუცილებლად მიგვიყვანს. ჩვენთვის აფხაზეთი არის ძალიან დიდი ტკივილი. ნებისმიერი ქართველისთვის ეს არის მოუშუშებელი იარა. მანამ, სანამ არ აღდგება ტერიტორიული მთლიანობა ვერ იქნება ქართველი კაცი ბედნიერი და ვერც აფხაზი და ოსი იქნება ბედნიერი. ეს არის ჭეშმარიტება და ამას სჭირდება ყველას მხრიდან გაგება", _ განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მისივე თქმით, საქართველო–რუსეთის ურთიერთობებში მთავარ პრობლემად რჩება ტერიტორიული მთლიანობის საკითხი.
"ჩვენ არაფერი გვაქვს საწინააღმდეგო. პირიქით, გვსურს, რომ მათთან გვქონდეს მეგობრული, მეზობლური და კარგი ურთიერთობა, მაგრამ ჩვენს ურთიერთობებში ისევ მთავარ პრობლემად რჩება ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის საკითხი. სანამ ეს პრობლემა არ იქნება გადაწყვეტილი, იქამდე ჩვენი ურთიერთობები იქნება ასეთ გაურკვევლობაში", _ განმარტა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერ-მინიტრმა აფხაზეთიდან და ცხინვალიდან დევნილ მოსახლეობას წლების განმავლობაში გამოჩენილი გამძლეობისთვის მადლობა გადაუხადა.
"დევნილ მოსახლეობას მინდა მადლობა გადავუხადო მართლაც გმირობისთვის, რომელიც გამოიჩინეს. მათ წლების განმავლობაში არნახულ, ენით აუწერელ ტკივილს და დიდ გაჭირვებას გაუძლეს. მართლაც, რაც დასაფასებელია, ისინი ყოველდღიურად მართლაც გმირობას სჩადიან. ჩვენმა ხელისუფლებამ ათასობით დევნილ ოჯახს უკვე გამოუყო ბინა. როგორც კი ახალგაზრდული ოლიმპიადა დასრულდება, მათ კიდევ 16 კორპუსს გადავცემთ საჩუქრად. ეს არის ერთ-ერთი ვალდებულება, რაც სახელმწიფომ აუცილებლად უნდა შეასრულოს", _ აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ეთნოგრაფიულ მუზეუმში გამართულ სახალხო ზეიმს – "აფხაზეთობა" საქართველოს მთავრობის წევრები, აფხაზეთის ხელისუფლების წარმომადგენლები და აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობა დაესწრო.