ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მერია-კონჭკათის დამაკავშირებელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს _ აღნიშნულ მშენებლობას "შპს საბეკო " ასრულებს.
რამდენიმე დღის წინ, გზის ამ მონაკვეთზე მშენებლ მუშებს და საქმის მწარმოებელს მამუკა გელაშვილის, მათთვის უცნობი პირები, იარაღით თავს დაესხნენ და ფიზიკურად სასტიკად გაუსწორდნენ. დაულეწეს ავტომობილი, შემდეგ კი დაუწვეს _ ამის შესახებ სოფელ მერიის მცხოვრებლებმა „გურია ნიუსს" აცნობეს და აღნიშნული ფაქტის გაშუქება სთხოვეს.
ადგილზე მათივე თხოვნით მივედით.
"35 წელია, აქ ვცხოვრობთ, მეოთხეჯერ აკეთებენ ამ გზას, მაგრამ ასე გულიანად და ფუნდამენტურად ჯერ არ გაკეთებულა. ეტყობა, კარგად რომ აკეთებენ, იმიტომ მტრობენ. აცალონ ამ ხალხს მშენებლობა. ატერორებენ _ წადით აქედან და ჩვენ გავაგრძელებთ მშენებლობასო, ერთხელ გამოჩნდა პოლიცია იმ ღამეს და მერე ამბავი არ უკითხავთ. იქნება და დახოცილები არიან? აქ მოხდა ის ამბავი, ტაქსის მძღოლი რომ ცემეს, შეშინებულები არიან მუშები, ჩვენც," _ გვითხრეს მერიის მცხოვრებლებმა.
ფიქრია მაღრაძის თქმით, მერიის გზაზე მდებარე ტყეში გაურკვეველი დაჯგუფებაა, რომელიც მუშებს საქმის გაკეთებას არ აცლის:
"არაფერს ეს პოლიცია არ აკეთებს _ მოვა-წავა. ეს ბანდაა თუ დაჯგუფება, არ სცილდება ამ მუშებს. შიშით ქუჩაში ვერ გამოვსულვართ საღამოს. პოლიციაც გარეული ამ ამბავში თუ რა ხდება, არ ვიცით. მკვლელობა მოხდება აუცილებლად _ სასტიკად სცემეს მუშები, ერთს იარაღი ესროლეს ფეხებში. ვინც ამ მშენებლობას ხელმძღვანელობს, მანქანა დაულეწეს და ბოლოს დაუწვეს. იყო პოლიცია, მაგრამ არანაირი რეაგირება არ მომხდარა. ეს დაჯგუფება ახლაც ტყეშია," _ ამბობს მაღრაძე.
მერია-კონჭკათის სარეაბილიტაციო გზის მშენებლობის საქმის მწარმოებელი მამუკა გელაშვილი " გურია ნიუსთან" რამდენიმე დღის წინ მომხდარ ინციდენტზე საუბრობს:
"3 დღის წინ დაგვხვდნენ ვიღაცეები _ იარაღით გამოცვივდნენ ტყიდან, გაგავაჩერეს, გვცემეს, შეურაცხყოფა მოგვაყენეს, უშვერი სიტყვებით გვლანძღეს, მანქანა დამილეწეს, მეორე დღეს მუშებს დაემუქრნენ, წადით აქედან, აქ სხვა უნდა მოვიდესო. ვერცერთი ვერ ვიცანით _ ხუთნი იყვნენ. მეორე დღეს გრიბოედოვის ქუჩაზე ავტომანქანა დამიწვეს _ ბენზინიანი ჩვარი ჩამიდეს და ცეცხლი წაუკიდეს. პოლიციამ ყველაფერი იცის _ მე დამკითხეს," _ ამბობს გელაშვილი.
დაზარალებულები სოფელ მერიაში მაია სეფერთელაძის სახლში მივიდნენ, სადაც მათ პირველადი დახმარება გაეწიათ
"ნაცემები იყვნენ, სისხლი სდიოდათ. პირველადი დახმარება მე გავუწიე. ამ სამუშაოს თავი დაანებეთო, ეუბნებოდნენ," _ ამბობს მაია სეფერთელაძე.
გზის რეაბილიტაციაზე მომუშავე ავთანდილ გოგიტიძე ამბობს, რომ როცა მათ თავს დაესხნენ, ეუბნებოდნენ, რომ მუშაობა შეწყვიტეთო:
"სად არის ჩვენი ხელმძღვანელობა?! სოფელს პატრონი არ ჰყავს! ან პოლიცია სად არის?! ღია ცის ქვეშ, დღისით მზისით, თავს გესხმის გაურკვეველი დაჯგუფება და გვემუქრება, შეწყვიტეთ მუშაობაო. რომელი საუკუნეა, სად მიდის ეს ქვეყანა? ყაჩაღები გესხმიან თავს, გვატერორებენ. თქვენი იმედი გვაქვს _ ამ ამბავს ყველა გაიგებს და იქნებ, გვეშველოს," _ გვითხრა გოგიტიძემ.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ბადრი გობრონიძე ამბობს, რომ გამგეობა საქმის კურსში სრულად არ არის:
"ჩვენც არ ვიცით, რა ხდება. ახლა სამართალდამცავებთან ვართ. გავარკვევთ ყველაფერს და შემდეგ გაგიკეთებთ კომენტარს," _ აღნიშნა გამგებლის მოადგილემ.
შსს პრესსამსახურის ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია 118 მუხლის პირველი ნაწილით:
"ადგილზე არც ცეცხლსასროლი იარაღი ფიგურირებს, არც მანქანის დაწვის ფაქტი. ადგილი ჰქონდა მხოლოდ ცემის ფაქტს," _ გვითხრეს შსს პრესსმასახურში.