სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ პროგრამის "დანერგე მომავალი“ ფარგლებში დღეის მდგომარეობით სულ 14 განაცხადი დაამტკიცა.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ბაღების გაშენების პირველი ეტაპი დასრულებულია, მომდევნო ეტაპი შემოდგომაზე განახლდება, სააგენტო განაცხადების მიღებას უკვე 15 ივლისიდან დაიწყებს.
პროექტის ფარგლებში 14 ბენეფიციარზე გაცმულია 581,476.11 ლარის დაფინანსება . 89.63 ჰექტარ მიწის ფართობზე გაშენებულია 84,3 ჰა ვაშლის კულტურა, 1 ჰა -ატამი, 3.09 ჰა ქლიავი, 1,2 ჰა ბალი.
სამინისტროს განცხადების თანახმად, მიმდინარე თვის ბოლომდე შიდა ქართლსა და გურიაში ვაშლის, ატმის, ქლიავისა და ბლის ბაღები გაშენდება. სარწყავი სისტემის მოწყობისთვის ასევე ახალი ხეხილის ბაღების გაშენების ხელშეწყობის მიზნით ყველა ბენეფიციარი სააგენტოს დახმარებით დაფინანსებას მიიღებს.
პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში სახელმწიფო თანადაფინანსების მოცულობა შეადგენს:ბაღის გაშენების შემთხვევაში – ნერგების ღირებულების 70%-ს და წვეთოვანი სარწყავი სისტემის ღირებულების 50%-ს; სანერგე მეურნეობის შემთხვევაში – მეურნეობის შექმნის ღირებულების 50 % -ს.