"მსოფლიოში აღიარებული ფილანტროპი მილიარდერის, უორენ ბაფეტის კომპანია "ბერკშირ ჰეტევეი" რიგით ამერიკელებში ყველაზე თბილ გრძნობებს იწვევს. ეს კომპანია ამერიკის მსხვილ კორპორაციებს შორის ყველაზე მეტ პატივისცემას იმსახურებს", – ამ დასკვნამდე მივიდნენ კომპანია "ჰარის ინტერაქტივის" ექსპერტები, რომლებმაც ამერიკის შეერთებული შტატების 30 ათასი მოქალაქე გამოკითხეს.
საერთო ჯამში, ამერიკელები კვლავ ეჭვის თვალით უყურებენ მსხვილ კორპორაციებს. გამოკითხულ ამერიკელთა 81 პროცენტმა განაცხადა, რომ ისინი მსხვილ ამერიკულ ბიზნესს ნეგატიურად აფასებენ. თუმცა, ეს მონაცემები გაცილებით ოპტიმისტურია, ვიდრე 2014 წელს იყო.
შარშან მსხვილ კორპორაციებს ამერიკელთა 88 პროცენტი აფასებდა ნეგატიურად. სხვათა შორის, 2014 წელს ჩატარებული კვლევა ერთგვარი ანტირეკორდი გახდა გამოკითხვებს შორის, რომლებიც 2002 წლიდან ტარდება.
2004 წელს მსხვილი ბიზნესის მიმართ ამერიკელთა მხოლოდ 68 პროცენტი იყო უარყოფითად განწყობილი.
ბაფეტის კომპანია შარშან მხოლოდ მე-11 ადგილზე იყო, წელს კი ლიდერი გახდა. გამოკითხულები აცხადებენ, რომ "ბერკშირ ჰეტევეის" მიმართ ნდობა ბაფეტის კარგი რეპუტაციით არის განპირობებული.
"ბაფეტი გამოირჩევა მორიდებულობითა და პასუხისმგებლობის გრძნობით. ჩვენ არასდროს გაგვიგია, ის ვინმეს უსამართლოდ მოჰქცეოდა", – აცხადებენ ანალიტიკოსები.
ბაფეტის კომპანიის გარდა, ამერიკელები "ჯონსონ ენდ ჯონსონსა" და "გუგლსაც" ენდობიან. ბოლო წლებში "ფორდ მოტორსმაც" გაიუმჯობესა იმიჯი – ამ კომპანიამ, ეფექტური მენეჯმენტის წყალობით, 51-ედან 37-ე ადგილზე გადაინაცვლა.