ჩინეთში დაიწყო 330 ათასი ადამიანის გასახლება იმ რაიონებიდან, სადაც მიმდინარეობს იმ გრანდიოზული პროექტის სამუშაოები, რომელიც სამხრეთიდან მდინარეებს ქვეყნის გვალვიანი ჩრდილოეთ რაიონებისკენ გადაისვრის.
გადასახლების პროგრამა შეეხება ცენტრალური პროვინციის ზოგიერთ რაიონს, კერძოდ, ხენანსა და ხუბეის. ხელისუფლება ყველა ამ ადამიანს კარგ პირობებს პირდება ახალ ადგილებში და ფულად კომპენსაციას – მგზავრობისთვის.
„მდინარეთა მობრუნების“ პროექტი, რომელიც 60 მილიარდი დოლარი ჯდება დამტკიცებულია 2013 წელს. იგი გულისხმობს არხთა ქსელის ნაგებობებს – აღმოსავლეთის, ცენტრალურისა და დასავლეთის, რომლებშიც ჩრდილოეთის მიმართულებით გადასროლილი იქნება ევრაზიის უდიდესი მდინარის – იანცზის, აგრეთვე ხუაიხეს, ხუანხესა და ხაიხეს დინების ნაწილი.
ყველა სამუშაო უნდა დასრულდეს 50-60 წლის განმავლობაში. არხების სიგრძე 1,3 ათასი კილომეტრი იქნება. შედეგად, ქვეყნის გვალვიანი ჩრდილოეთი 50 მილიონ კუბურ მეტრ წყალს მიიღებს. აღმოსავლეთის არხის მშენებლობის სამუშაოები ჯერ კიდევ 2009 წელს დაიწყო, ხოლო ცენტრალურის მშენებლობამ სტარტი 2011 წელს აიღო.
ამ პროექტის რეალიზაციის პროცესში მოსახლეობის გადასახლების პროგრამა ჩინეთის ისტორიაში ერთ-ერთი უმსხვილესი გახდება. უკანასკნელად ადამიანთა ასეთი დიდი გადასახლება მოხდა „სანსიას“ („სამი ხეობა“) ჰიდროკვანძის მშენებლობის დროს. მაშინ მშობლიური ადგილები იძულებით 1 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა.