8-12 ივნისს, თბილისში, ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის("ნატო") სასწავლო პროგრამის – ნატო-ს მეცნიერება მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის ფარგლებში 5-დღიანი ტრენინგი ჩატარდება თემაზე – "თანამშრომლობა შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების საკითხების გადასაჭრელად", რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს, აშშ-ს, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, თურქეთის, უკრაინის, სერბეთის, რუმინეთის, მოლდოვას, ყირგიზეთის და ეგვიპტის საჯარო უწყებებისა და უნივერსიტეტების წარმომადგენლები.
8 ივნისს, 09:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზში, საერთაშორისო ღონისძიება ოფიციალურად გაიხსნება და პროგრამით გათვალისწინებული პირველი პანელი – "საქართველოს ხედვა ევროკავშირისა და ნატოსკენ: შავი ზღვის პერსპექტივა" შედგება, რომლის მოდერირებასაც გასწევს საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე და ნატო-ს კურსის თანაორგანიზატორი ბრიუს ლოუერი.
აღნიშნულ პანელში საქართველოს მთავრობიდან მონაწილეობას მიიღებს სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, დავით ბაქრაძე, ხოლო პარლამენტიდან გამომსვლელებს შორის არიან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრი გიორგი ბარამიძე და პარლამენტის წევრი, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრი ირაკლი ჩიქოვანი. ამავე დღეს, 16:00-დან 17:00 საათამდე, დელეგატები პარლამენტის შენობას დაათვალიერებენ და საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს სტრუქტურას და საქმიანობას გაეცნობიან.
ნატო-ს სასწავლო პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი ყველა პანელური შეხვედრა საქართველოს პარლამენტში გაიმართება. დელეგატები თბილისში 13 ივნისამდე დარჩებიან.
ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.