ამ წუთებში ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში ორი პოლიციელის ცემაში ბრალდებულების სასამართლო პროცესზე გამოცხადებული შესვენება დასრულდა.
მოსამართლე ნატრული აკობია განაჩენს რამდენიმე წუთში წაიკითხავს.
სასამართლო სხდომაზე შესვენებამდე ბრალდებულებს საბოლოო სიტყვის წარმოთქმის საშუალება ჰქონდათ.
შეგახსენებთ, რომ მაია კეკელიას გარდა საქმეში ბრალდებული კიდევ 6 პიროვნებაა, რომელთაგან ერთი ქალბატონია.
მაია კეკელია და კიდევ ერთი ბრალდებული ქალბატონი ი.კ. 8 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდა არიან გათავისუფლებულები. დანარჩენი პირები კი მე-7 თვეა პატიმრობაში იმყოფებიან.
დღევანდელ სასამართლო სხდომას საქმეში ბრალდებული ყველა პირი ესწრება. როგორც „გურია ნიუსის“ ჟურნალისტი ადგილიდან გვატყობინებს, სასამართლო პროცესზე ყველაზე ვრცლად მაია კეკელიამ ისაუბრა. დეტალების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ „გურია ნიუსის“ სტატია "შვიდ ადამიანს შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთისთვის გვწირავენ“.
კეკელიამ პროცესზე აღნიშნა, რომ პროკურატურამ 20 ტყუილი თქვა და დღემდე ტყუილების გავრცელებით არის დაკავებული; განაჩენი კი ისე დგება, რომ ის გამომძიებელს ფაქტიურად დაკითხული არ ჰყავს. ასევე ბრალდების მხარემ არ ისურვა მოწმეების დაკითხვაც.
კეკელიას გარდა საბოლოო სიტყვის თქმის უფლება სხვა ბრალდებულებსაც მიეცათ. ყველაზე ემოციური სიტყვა კი ერთ-ერთმა ბრალდებულმა ც.გ-მ თქვა, რომელიც არასრულწლოვანია.
"დედას ვფიცავარ, ბოლომდე ვიბრძოლებ იმ სიმართლისთვის, რომელიც ამდენ ხანს არ აღსრულებულა. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ 7 თვეა უსამართლოდ ვზივარ ციხეში", _ აღნიშნა ც.გ.-მ.
რაც შეეხება მეორე ბრალდებულ ქალს, ი.კ.-ს, მან თავის საბოლოო სიტყვაში დაკავებულებს გაძლიერებისკენ მოუწოდა.
"გაუფრთხილდით თავს, აუცილებლად დადგება სამართლიანობის აღდგენის დრო. სამწუხაროდ, იმ სათქმელს, რა უნდა მეთქვა, ვერ ვამბობ, რადგან ძალიან ემოციებში ვარ. სათქმელს წერილობით გადმოგცემთ ქალბატონო მოსამართლევ. მყავს 90 წლის მამა და 85 წლის დედა. მათ მოხუცებულობას ვფიცავ, რომ თავს უდანაშაულოდ ვცნობ", _ აღნიშნა ი.კ.-მ თავის საბოლოო სიტყვაში.
სასამართლო პროცესს ბრალდებულების ახლობლები და მეგობრები ესწრებიან.
"გურია ნიუსი" დეტალებს რამდენიმე წუთში შემოგთავაზებთ.
ამავე თემაზე:
პოლიციელების ცემაში ბრალდებული ქალის ღია წერილი
როგორ გაიქცა დაკავებული – ნასვამი პოლიციელების წინდაუხედაობით თუ ნათესავების "ამბოხით"
"შვიდ ადამიანს შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთისთვის გვწირავენ“