თბილისის მერიამ და "ყრუთა კავშირმა" ახალგაზრდა სურდო (ჟესტური ენის) თარჯიმნების სწავლება-დასაქმების დაფინანსების შესახებ დღეს ხელშეკრულება გააფორმეს.
ჟესტური ენის ათი ახალგაზრდა სპეციალისტის მომზადების თაობაზე ხელშეკრულებას ხელი თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსმა გელა ჩივიაშვილმა და "ყრუთა კავშირის" თავმჯდომარემ ამირან ბატატუნაშვილმა მოაწერეს.
გელა ჩივიაშვილის განცხადებით, მერია ჟესტური ენის ინსტიტუტის გაძლიერებას და ახალგაზრდა კადრების მომზადებას შეუწყობს ხელს.
"ამ პროფესიის დასაუფლებლად ახალგაზრდებს დავაინტერესებთ იმისთვის, რომ მომავალში ყრუ და სმენადაქვეითებულ პირებს შესაბამისი მომსახურება გაუწიონ. ეს არის მნიშვნელოვანი ფაქტორი საზოგადოებაში ინტეგრაციისთვის და მერია მომავალშიც გააგრძელებს მათ მხარდაჭერას", – აღნიშნა გელა ჩივიაშვილმა.
თბილისის მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ათი ახალგაზრდა სპეციალისტის მომზადება-დასაქმების პროექტის ბიუჯეტი 21 600 ლარია. პროექტი თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის შშმ პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციისა და სოციალური დაცვის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება.
"გაერო-ს კონვენციის თანახმად, აღნიშნული სერვისის გარეშე ინტეგრაცია ამ ადამიანებისთვის ფაქტიურად შეუძლებელია. ყველა საჯარო დაწესებულებაში მნიშვნელოვანია თარჯიმანთა არსებობა და ჟესტური ენით მოსარგებლე ადამიანების მომსახურება", – განაცხადა ამირან ბატატუნაშვილმა.