ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ურეკის გაზიფიცირების სამუშაოები დღეს, ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ, საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის დირექტორმა მამუკა კობახიძემ, გურიის მხარის გუბერნატორმა გია სალუქვაძემ მოინახულეს.
"საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ურეკის და სოფლების: შეკვეთილის, ქვემო ნატანების და ზემო ნატანების და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ გრიგოლეთის გაზიფიცირებისთვის საჭირო საპროექტო და სამშენებლო სამუშაოებს ახორციელებს.
შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ დაასრულა ყველა ზემოთ ჩამოთვლილი სოფლების გაზიფიცირებისთვის საჭირო საპროექტო სამუშაოები. ამ ეტაპზე დაწყებულია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ურეკის გაზიფიცირების სამშენებლო სამუშაოები. გაზსადენის საპროექტო სიგრძე 32 855 გრძივი მეტრია. განხორცილებული სამუშოების შედეგად ბუნებრივი აირის ქსელში ჩართვის შესაძლებლობა მიეცემა დაბა ურეკში მცხოვრებ 878 ოჯახს.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ურეკის გაზიფიცირების სამუშაოების დასრულება დაგეგმილია 2015 წლის ოქტომბერში. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით 2015 წელს 14 მუნიციპალიტეტის 75 სოფლის გაზიფიცირების მიზნით ბიუჯეტიდან გამოიყო 20 მლნ ლარი. სოფლად მცხოვრები ათასობით ოჯახის გაზიფიცრების სამუშაოები წლის ბოლოსთვის დასრულდება.
ბუნებრივი გაზის სექტორში ახალი მომხმარებლის ქსელზე მიერთების ტარიფი 600 ლარიდან 400 ლარამდე შემცირდა. ენერეგტიკის სამინისტროსა და გაზგამანაწილებელი კომპანიების შეთანხმებით ისევ შენარჩუნებულია ამ თანხის ეტაპობრვი გადახდის მექანიზმი და მოსახლეობას უკვე შემცირებული ტარიფის გადახდა 25 ლარიანი პორციებით, 16 თვის განმავლობაში შეეძლება. მომსახურების ღირებულებაში შედის ბუნებრივი გაზის ერთი წერტილის მოწყობა" _ აღნიშნეს ურეკში ყოფნისას ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ და საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის დირექტორმა მამუკა კობახიძემ.