საქართველოს პარლამენტის წევრების, თამაზ მეჭიაურისა და ნოდარ ებანოიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ ორგანულ კანონის პროექტს „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ და თანმდევ კანონპროექტებებს პარლამენტი მომავალ კვირაში განიხილავს.
აღნიშნული განცხადება საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, თამაზ მეჭიაურმა და კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ნოდარ ებანოიძემ ბრიფინგზე გააკეთეს.
"ბოლო წუთამდე ვმსჯელობდით იმ წინადადებებზე, რომლებიც მოდიოდა ბიზნესომბუდსმენისგან, გვქონდა საუბარი ბანკების ასოციაციასთან, კომერციულ ბანკებთან, დაწყებული ერთი თვიდან დამთავრებული ერთი კვირით, დროს ითხოვდნენ.
კომერციული ბანკები, მაგალითად, 1 თვით ითხოვდნენ კანონპროექტის განხილვის შეჩერებას, ასევე, მოგეხსენებათ, გააკეთა განცხადება პრეზიდენტის ადმინისტრაციამაც.
მათ კიდევ სურთ კონსულტაციების გავლა. თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ დღეს ჩაიშალა სხდომა და დიდი ალბათობით, პარასკევს დღის წესრიგი ძალიან გადატვირთული იქნება, ვერ ვხედავ პრობლემას, რომ ერთი კვირით გადავწიოთ აღნიშნული საკითხის განხილვა და ეს კვირა გამოვიყენოთ კონსულტაციებისთვის როგორც საბანკო სექტორის წარმომადგენლებთან, ასევე პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან, სხვადასხვა ბიზნეს წრეებთანაც, რომლებთანაც არ გვქონია ჯერ კონტაქტი, ასევე, სურვილის შემთხვევაში, საერთაშორისო ორგანიზაციებთანაც“, – განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თქმით, კომიტეტის სურვილია, კონსულტაციები უფრო ინტენსიური იყოს.
_ მოკლევადიანმა გადადებამ არ ვფიქრობ, რომ რამე შეიძლება დააზიანოს, პირიქით, ვფიქრობ, რომ რაც უფრო მეტად დავარწმუნებთ ჩვენ ყველას, რომ ამ ინიციატივის საფუძველი არის სურვილი იმისა, რომ მდგომარეობა გაუმჯობესდეს, _ განაცხადა ნოდარ ებანოიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.