დანია მსოფლიოში პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც დიდი რაოდენობით ცხიმების შემცველი კვების პროდუქტები დაბეგრა. ეს ბეგარა შეეხება პროდუქტებს, რომლებიც 2,3 პროცენტ გაჯერებულ ცხიმებს შეიცავს, მათ რიცხვშია მცენარეული და ნაღების კარაქი, რძე, ყველი, პიცა და ხორცი.
ექსპერტთა გათვლებით, კილოგრამი ნაღების კარაქი 1,5 დოლარით გაძვირდება. ზოგიერთმა მომხმარებელმა, ფასების მომატებამდე გადაწყვიტა, მოემარაგებინა ცხიმიანი საკვები, ხოლო მწარმოებელთა ნაწილმა ახალი გადასახადი ბიუროკრატიულ კოშმარად ჩათვალა. გამოითქვა მოსაზრებები იმის შესახებ, რომ დანიელთა ნაწილი პროდუქტებს უცხოეთში შეიძენს.
დანიის ხელისუფლება ფიქრობს, რომ ახალი ფასები მოქალაქეებს დაეხმარება, შეზღუდონ ცხიმიანი საკვების მოხმარება და ამით ებრძოლონ სიმსუქნეს. ამავე დროს, ზოგიერთი სწავლული მიიჩნევს, რომ დაბეგვრის ობიექტი არასწორადაა შერჩეული: მარილი, შაქარი და ზოგიერთი ნახშირწყლები უფრო საშიშია ჯანმრთელობისთვის, ვიდრე ცხიმი.