შუხუთის მაჟორიტარი დეპუტატის აკაკი იმნაიშვილის ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ ძლიერმა ქარმა სოფლის საბავშვო ბაღის შენობის ნაწილს სახურავი გადახადა. ეს საკითხი დეპუტატმა საკრებულოს სხდომაზეც გააჟღერა და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას დახმარება სთხოვა, რომ იქნებ მიმდინარე წელსვე ჩატარდეს შუხუთის ბაღში, სარემონტო სამუშაოები.
-„ბატონებო, ამ დარბაზში მე არა ერთხელ მისაუბრია შუხუთის საბავშვო ბაღსა და სკოლაში არსებულ მძიმე მდგომარეობაზე. დამერწმუნეთ, ამ ერთხელაც ვიტყვი და მერე ხმის ამომღებიც არ ვარ.
ამ რამდენიმე დღის წინ ქარმა საბავშვო ბაღის შენობას სახურავის ნაწილი ააძრო, მდგომარეობა გამოვასწორეთ, მოვიყვანეთ ხელოსანი და საკუთარი ძალებით შევაკეთეთ ბაღის დაზიანებული სახურავი. მოხელე გაკვირვებული დარჩა, ამხელა საბავშვო ბაღია და ამის შიფრით დახურვა როგორ შეიძლებაო.
ბატონო ზაზა, გეთანხმებით რომ თანხის მოძიება ძნელია, მაგრამ, როცა საშუალება გამოჩნდება პირველ რიგში ყურადრება საბავშვო ბაღებსა და სკოლებს უნდა მიექცეს, მე რომ გამგებელი ვიყო, საბავშვო ბაღებს გავაკეთებდი. ძალიან კარგია ქალაქის ცენტრის კეთილმოწყობა და ბევრი სხვა რამ, მაგრამ ამ საბავშვო ბაღს, რომელიც ნახევარ ქალაქსა და სოფელ შუხუთს ემსახურება, აუცილებლად სჭირდება ყურადღების მიქცევა. გთხოვთ, იქნებ როგორმე წელსვე მოხერხდეს აქ სარემონტო სამუშაოების ჩატარება. ჩემგან რაც საჭირო იქნება ყველაფერს გავაკეთებ, ვისაც საჭირო იქნება იმას შევაწუხებ და მივმართავ“, – მიმართა საკრებულოს წევრებსა და გამგებელს, ზაზა ურუშაძეს შუხუთის მაჟორიტარმა.
თავის მხრივ გამგებელმაც აღუთქვა, რომ ყველანაირად ეცდებოდა საკითხის დადებითად მოგვარებას, თუმცა ერთობ საეჭვოა წელსვე ჩაუტარდეს სარემონტო სამუშაოები შუხუთის ბაღს.
-„მე ყველანაირად ვეცდება ეს საქმე დღის წესრიგში დავაყენო, თუმცა თქვენ ეტყობა აცანის ბაღში არ ხართ ნამყოფი, როგორ შეიძლება იქ ბავშვების მიყვანა! წელს რამდენიმე ბაღში ჩატარდება სამუშაოები და ეს თემა ნამდვილად პრიორიტეტულია ჩვენთვის“, – განაცხადა გამგებელმა.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved