ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სამი სოფლის მოსახლეობა უკვე რამდენიმე დღეა ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობას აპროტესტებს. ზედა და ქვედა არგვეთის, ასევე სვირის დასახლების სოფლები, სადაც ზესტაფონი-ქუთაისის დამაკავშირებელმა ავტობანმა უნდა გაიაროს ერთმანეთს მოკლე გზით ვეღარ დაუკავშირდება და იქ მცხოვრებლებს დამატებით 6 კილომეტრის გავლა მოუწევთ.
ავტობანის გასაკეთებლად, პირველადი სამუშაოები უკვე დაწყებულია, თუმცა, მოსახლეობა ამბობს, რომ მშენებელ კომპანიას უფლებას არ მისცემენ სამუშაოები გააგრძელოს.
სოფელში, სადაც 900 ოჯახი ცხოვრობს, ავტობანის მშენებლობის საკითხი პირველად 2012 წელს გახდა ცნობილი, იმ პერიოდში მოსახლეობის სახნავ-სათესი მინდვრების ნაწილი სახელმწიფომ კომპენსაციის საფუძველზე შეისყიდა, თუმცა, არგვეთის მაცხოვრებლები ამბობენ, რომ ამ ტერიტორიაზე ავტობანი აღარ გადის. მათივე თქმით, პროექტი მთავრობამ მათთან შეუთანხმებლად ისე შეცვალა, რომ გადასასვლელ გზასაც აღარ უკეთებენ. არგვეთის მოსახლეობის თქმით, მიწები იმის გამო გაასხვისეს, რომ პირველ პროექტში ამ ადგილზე სამანქანო გადასასვლელი ხიდი უნდა გაკეთებულიყო.
ადგილობრივები ამბობენ, რომ ძალიან ბევრი პრობლემა ექმნებათ, მათ შორის ისიც, რომ სოფლების საძოვრები ძირითადად ქვედა არგვეთისა და სვირის დასახლებების ტერიტორიაზეა, თუმცა მას ზედა არგვეთის მოსახლეობაც იყენებს. ასევეა სახნავ-სათესი მიწების შემთხვევაშიც. კიდევ ერთი პრობლემა კი, სკოლის მოსწავლეებისთვის შეიქმნება, რადგან ქვედა არგვეთისა და სვირის დასახლებებს სკოლა არ აქვთ და მოსწავლეებს ისინი ზედა არგვეთის სკოლაში დადიან. სკოლამდე ახლა 5 კილომეტრამდე გზაა, თუმცა ავტობანის გაკეთების შემდეგ ეს გზა მოსწავლეებისთვის კიდევ 6 კილომეტრით დაგრძელდება.
არგვეთის მოსახლეობის პრობლემის გასაცნობად „გურია ნიუსის“ ადგილზე იმყოფებოდა.
ვრცელ მასალას საკითხთან დაკავშირებით, მოგვიანებით შემოგთავაზებთ.