ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა საქარის დეპუტატი საკრებულოში კახა შავგულიძე "გურია ნიუსის" კითხვამ _ იცოდა თუ არა მან ზესტაფონი-ქუთაისის დამაკავშირებელ გზაზე, სოფელ არგვეთასთან გასაკეთებელი ავტობანის პროექტის არსებული ვარიანტი, გააღიზიანა.
"დაკითხვაზე ვარ?! ტონი არ მომეწონა… ამ ტონით კითხვის დასმის უფლება არა გაქვთ. ქალბატონო, დღეს ჩვენი ხელისუფლების ხელში მაგ ტონზე პროკურორიც არ იძლევა შეკითხვებს… არც თქვენს სპეციალობას და არც ჩვენს ქვეყანას ეგ ტონი არ ეკადრება…", _ მიმართა მან ჟურნალისტს.
შეგახსენებთ, რომ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სამი სოფლის მოსახლეობა ავტობანის მშენებლობას უკვე რამდენიმე დღეა აპროტესტებს. მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარმომადგენელი მათთან შეხვედრაზე იმყოფებოდა. შავგულიძე შეხვედრაზე "გურია ნიუსის" ჟურნალისტის ზარის შემდეგ მივიდა. თუმცა, მანამდე, ჩვენთან სატელეფონო საუბარში განაცხადა, რომ ის მოსახლეობას უკვე შეხვდა და მათთან სალაპარაკოდ მისვლას იმ დღეს არ გეგმავდა.