პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად თარხან ბათირაშვილის ბიძაშვილი მერაბ ბათირაშვილი, გაიოზ ბორჩაშვილი და კიდევ რამდენიმე ადამიანია დაკავებული.
გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებები სირიაში, ე.წ ისლამური სახელმწიფოს მხარდასაჭერად ხეობიდან ახალგაზრდების ექსპორტის ხელშეწყობას უკავშირდება.
დაუდასტურებელი ინფორმაციით, აიუფ ბორჩაშვილის გარდა, ყველა დაკავებული გათავისუფლებულია, თუმცა, სამართალდამცავი სტრუქტურები სპეცოპერაციისა და დაკავებულების შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ჯერჯერობით არ ავრცელებენ.
შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ხეობაში სპეცოპერაციის ჩატარებას არც ადასტურებს და არც უარყოფს.
გომელაურის განცხადებით მას ამ ეტაპზე არ შეუძლია აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით განცხადების გაკეთება და შსს უახლოეს მომავალში აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ინფორმაციას გაავრცელებს.
"დაუზუსტებელ ინფორმაციას ვერ მოგაწვდით. დავაზუსტებთ და გავავრცელებთ განცხადებას. პრობლემა არ არის ხოლმე ამ კუთხით. მე, რომ არასწორად გითხრათ რამე, საზოგადოება შეცდომაში უნდა შევიყვანო. გავეცნობი ინფორმაციას და მოგახსენებთ," _ აცხადებს გომელაური.
პანკისის პარალელურად დაკავებები თბილისში და თელავის რაიონის სოფელ ყარაჯალაშიც მიმდინარეობს. არაოფიციალური ინფორმაციით, ე.წ ისლამური სახელმწიფოს რიგებში ასამდე პანკისელი მებრძოლია.
პანკისის ხეობაში ჩატარებულ სპეცოპერაციისას დაკავებულების გათავისუფლების მოთხოვნით, ადგილობრივი მოსახლეობა ხვალ, 10:00 საათზე საპროტესტო აქციას გეგმავს.