უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის, მინდია ჯანელიძის განცხადებით, წყნეთი-ახალდაბის გზის მონაკვეთი დღის ბოლოს გაიხსნება.
ამის შესახებ ჯანელიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა და დასძინა, რომ წყნეთი-ახალდაბის გზის მონაკვეთის გარდა სტიქიის სალიკვიდაციო და საძიებო სამუშაოები კიდევ რამდენიმე ადგილზე მიმდინარეობს.
"რამდენიმე ლოკაცია გვაქვს. გუშინ, შტაბის სხდომაზე გადაწყდა, რომ გამოყოფილი ყოფილიყო პასუხისმგებელი უწყებები თითოეულ ლოკაციაზე. ამჟამად ზოოპარკის ტერიტორიაზე გაწმენდით და დასუფთავებით სამუშაოებს აწარმოებს თავდაცვის სამინისტრო, ასევე იქ იმყოფებიან სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები, რომლებიც საძიებო სამუშაოებს აწარმოებენ.
სვანიძის ქუჩაზე, რომელიც მეორე მძიმე ლოკაცია იყო, სამუშაოები მიმდინარეობს ერთობლივად მერიისა და თავდაცვის სამინისტროს ძალების მეშვეობით. ასევე, მიმდინარეობს სამუშაოები ყიფშიძისა და წყნეთის ქუჩების მიმდებარე ტერიტორიებზე, სადაც სამუშაოებს აწარმოებენ მერიისა და გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები. გარდა ამისა, აქტიურად გრძელდება მუშაობა წყნეთი-ახალდაბის გზის მონაკვეთზე. დღის ბოლოსთვის ეს გზა იქნება აღდგენილი, თუმცა მის სრულ რეაბილიტაციას დაახლოებით 10 დღე დასჭირდება", _ განაცხადა ჯანელიძემ.