თბილისში 13 ივნისს მომხდარი სტიქიის დროს დაკარგული ივლიტა ჯიბუტის ცხედარი მზიურის ტერიტორიაზე ცოტა ხნის წინ იპოვეს.
ცხედარი ახლობლებმა უკვე ამოიცნეს. აღნიშნული ინფორმაცია "გურია ნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროშიც დაუდასტურეს.
სტიქიის დროს ივლიტა მეუღლესთან და მეგობარ გოგონასთან ერთად ვერეს ხეობაში, სახლში იმყოფებოდა და საგამოცდოდ ემზადებოდა.
როგორც ივლიტას ახლობლებმა გვითხრეს, როცა სახლში წყალი შევარდა, მეუღლემ ის და მისი მეგობარი გოგო სახლის სახურავზე აიყვანა, საიდანაც სამაშველო სამსახურში დარეკა:
_ როგორც ივლიტას მეუღლე ყვება, 40 წუთი სახურავზე ელოდებოდნენ მაშველებს. ამ დროის განმავლობაში მეუღლე ივლიტას და მის მეგობარს ხელით იჭერდა, თუმცა, მოვარდნილმა ნიაღვარმა სახლი, რომლის სახურავზეც იყვნენ, წაიღო და სამივენი წყალში ჩაცვივდნენ.
სწორედ ამ დროს მოვიდნენ მაშველები, რომლემაც ივლიტას მეუღლის გადარჩენა მოახერხეს, _ გვითხრა ივლიტა ჯიბუტის ერთ-ერთმა ახლობელმა.
დაკარგული ივლიტას ძებნა სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.
ივლიტა ჯიბუტი მამა გიორგის მრავალშვილიანი ოჯახიდანაა.
დაიბადა და გაიზარდა ჩოხატაურში.
გამორჩეული მოსწავლის, არაჩვეულებრივი გოგონას შესახებ ჩვენი გაზეთის არქივს ბევრი მასალა ინახება.
განსაკუთრებულია წერილი სათაურით – „ჩვენ გავმრავლდებით და ჩვენ ვიქნებით მთელი ქვეყანა“, რომელიც “გურია ნიუსის“ 2010 წლის 27 მაისის ნომერში, ივლიტა ჯიბუტის და დავით სიხარულიძის სიყვარულისა და საოცარი ქორწილის შესახებაა:
“2010 წლის 23 ვარდობისთვეს, სულთმოფენობის დღეს, დედა ეკლესიის წიაღში, ჯვარი დაიწერეს მხევალმა ღვთისამ _ ივლიტამ დ მონამ ღვთისამ _ დავითმა.
ეს ულამაზესი წყვილი ორი წლის წინ, 19 იანვარს, ნათლისღების დღესასწაულზე ტელეფონით დაუკავშირდნენ ერთმანეთს, მოგვიანებით შეხვდნენ და…
ხვდებოდნენ ჩუმად, მალულად, სარკმლიდან უცქერდნენ დამეგობრებული ვარსკვლავებით მოჩითულ ზეცას და ცის თაღზე იწერებოდა _„მიყვარხარ!“ _ ვკითხულობთ გაზეთის არქივში.
დრომ საიდუმლო გაამხილა და პატარა ბარათმა გაზეთის ფურცლებიდან, ივლიტასა და დათოს საქორწილო მოსაწვევმა ქვეყნას ბედნიერი წყვილის ჯვრისწერის თარიღი ამცნო.
ასე ზეიმით და ბედნიერებით, 18 წლის ივლიტა _ მაშინ ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კურსის სტუდენტი და 21 წლის დავით რაფიელის ძე სიხარულიძე _ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მესამე კურსის სტუდენტი, შეუღლდნენ.
"გურია ნიუსი" მწუხარებას გამოთქვამს ივლიტა ჯიბუტის გარდაცვალების გამო და თანაუგრძნობს ოჯახს, ახლობლებს.