თბილისში, 13 ივნისს მომხდარი სტიქიიას დაკარგული და დახოცილი ცხოველების შესახებ ზუსტი ინფორმაციის გასაჯაროებისგან ზოოპარკის ადმინისტრაცია ჯერჯერობით თავს იკავებს.
როგორც "გურია ნიუსთან" საუბრისას თბილისის ზოოპარკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი მზია შარაშიძე ამბობს, საბოლოო მონაცემები ოფიციალურ ოქმის შედგენამდე ვერ გამოცხადდება.
შარაშიძეს დაკარგული ვეფხვების შესახებ ინფორმაციის დასაზუსტებლად დავუკავშირდით, რადგან ზოოპარკის თანამშრომელი "გურია ნიუსთან" ინტერვიუში აცხადებდა, რომ 7 ვეფხვიდან მას მხოლოდ 4-ის შესახებ აქვს ინფორმაცია. ინტერვიუს ჩაწერის დროს ზოოპარკის თანამშრომელმა არაფერი იცოდა 2 წითელი ვეფხვის შესახებ.
"გურია ნიუსი" მზია შარაშიძესთან ჩაწერილ ინტერვიუს უცვლელად გთავაზობთ:
_ ხომ არ შეცვლილა მონაცემები დაკარგულ ცხოველებთან დაკავშირებით?
_ ჯერჯერობით არაფერია ახალი.
_ ის ვოლიერები, სადაც წყალი იყო გახსნილია?
_არა.
_ზოოპარკის ერთ-ერთი თანამშრომელი "გურია ნიუსთან" ინტერვიუში ამბობს, რომ ზოოპარკში იყო 3 თეთრი და 4 წითელი ვეფხვი. სწორია ეს ინფორმაცია? თქვენი ინფორმაციით, რამდენი ვეფხვი იყო?
_ კი, სწორია, 7 ვეფხვი იყო.
_ ის ამბობს, რომ თეთრებიდან მოკლულია ორი, ერთს ვეძებთ…
_ ვერაფერს ვერ გეტყვით, არ ვიცი, თქვენ ვის ელაპარაკეთ, მაგრამ მაგასთან დაკავშირებით ამ ეტაპზე ვერაფერს გეტყვით.
_ რამდენის ლეშია ნაპოვნი ამის შესახებ დაზუსტებულ ინფორმაციას ვერ გვეტყვით?
_ ვერ გეტყვით, ამაზე მიდის ამდენი დღე საუბარი და, აბა, როგორ აგიხსნათ?!
_ზოოპარკის ტერიტორიაზე რაც იპოვეთ მკვდარი, ეს ინფორმაცია ხომ იცით?
_ ვერაფერს ვერ გეტყვით მასთან დაკავშირებით, მარტო ჩვენ არა ვართ ამ პროცესში ჩართულები და როცა ოფიციალურ ოქმი შედგება, მაშინ გახდება ეს ინფორმაცია ცნობილი; მანამდე ვერაფერს ვერ გეტყვით.