ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები ექვსი თვით გაახანგრძლივა.
ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ფილიპ ჰამონდის განცხადებით, სანქციების გაუქმება მაშინ მოხდება, როდესაც რუსეთი მინსკის შეთანხმებას შეასრულებს.
ევროკავშირმა მოსკოვს შეზღუდვები გასულ წელს ყირიმის ანექსიის გამო დაუწესა. სანქციები ყირიმსა და სევასტოპოლში წარმოებული პროდუქციის ევროკავშირში იმპორტის აკრძალვას მოიცავს. ასევე ევროკავშირის მოქალაქეებს და ევროპულ კომპანიებს ეკრძალებათ ყირიმში ინვესტიციების განხორციელება, უძრავი ქონების შეძენა და ყირიმში დაფუძნებული კომპანიების დაფინანსება.
ევროკავშირის გარდა, რუსეთს ამ დრომდე არაერთი მსგავსი სანქცია დაუწესა აშშ-მა, კანადამ და ავსტრალიამ. რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, მიუხედავად შეზღუდვებისა, ქვეყანა მაინც ახერხებს ინფლაციის დონის კონტროლს, ვალუტის კურსის დასტაბილურებას და ღრმა ეკონომიკური კრიზისის თავიდან აცილებას.