“სისტემა გადატვირთულია. ცადეთ მოგვიანებით“ _ ეს წარწერა ხვდება Biletebi.ge-ზე შესულ მომხმარებელს, რომლებსაც დღეიდან უნდა მისცემოდათ საშუალება აღნიშნული საიტის მეშვეობით ევროპის სუპერთასის ფინალზე დასასწრები ბილეთები შეეძინათ.
საიტი დილიდან გათიშულია, რაც ათასობით ადამიანის უკმაყოფილებას იწვევს.
ამის გამო ფეხბურთის ფედერაციამ სპეციალური განცხადებაც გაავრცელა და გულშემატკივრებს მოუწოდა ბილეთები გადამყიდველებთან არ შეიძინონ:
_ ქართველოს ფეხბურთის ფედერაცია გაფრთხილებთ, რომ არ შეიძინოთ არც ერთ სხვა საიტზე ბილეთები გარდა საიტისა www.biletebi.ge
მიუხედავად იმისა, რომ მომხმარებელთა სიმრავლის გამო აღნიშნული საიტი დროებით დაბლოკილია, გთხოვთ ნუ გახდებით გადამყიდველთა და ცრუ საიტების მსხვერპლი და ნუ შეიძენთ არარსებულ ბილეთებს გაასმაგებულ ფასად.
www.biletebi.ge ინფორმაციით საიტის ადმინისტრაცია ამ დროისათვის მუშაობს არსებული ხარვეზის გამოსასწორებლად და ბილეთების შეძენა უახლოეს საათებში შესაძლებელი გახდება, _ აღნიშნულია ფედერაციის მიერ დილით გავრცელებულ განცხადებაში.
ამ განცხადების გავრცელებიდან რამდენიმე საათია გასული, თუმცა, როგორც ზემოთ ავღნიშნეთ საიტი ისევ გათიშულია _ მომხმარებელი კი აღშფოთებული:
_ თქვენი ბოდიში შემიყვანს სტადიონზე?
_ რამდენ ხანში ჩაირთვება? გავიდეთ ტუალეტში?
_ ბოდიში უშველის ჩემი ოცნების დამსხვრევას?
_ ნატოში უფრო მალე შევალთ, ვიდრე Biletebi.ge-ზე
_ ბაღის ზეიმი არ უნდა განდოთ, რა სუპერთასი. ტფუი!
_ ღმერთი თუ გაგაძლიერებთ თქვენ, თორე თქვენით ვერაფერს ვერ იზამთ!
_ მესიმ ბილეთს ვერ ვყიდულობო…
_ ამდენი კოლინასთვის არ უგინებიათ მისი კარიერის განმავლობაში, თქვენ რომ დღეს მოგხვდათ…
_“ნაციონალურ მოძრაობაზე“ სამარცხვინო კანტორა თუ იარსებებდა, მართლა არ მეგონა.
_ Biletebi.ge-მ იმდენი ხალხი გადააგდო, “ოცნება” გაკვირვებული დარჩა.
_ რომ ვთხოვოთ უეფას და მეორე და მესამე დღესაც ათამაშონ დამატებით, არ გამოვა ნეტა ?
_ კაი, არა გრცხვენიათ, რა ბოდიში?! აქეთ ბოდიში, რომ ბილეთის ყიდვა დავაპირეთ და საერთოდ ვარსებობთ. ჩემ კომპს გაჩუქებთ აქეთ, რომ ამუშავდეთ რამენაირად. რა გავაკეთოთ კიდევ, დაგვავალეთ, დაგვავალეთ. გინდათ უეფაში მივწერთ, რომ მთელი ერი ბოდიშს ვიხდით, რომ სტადიონზე გვინდა მისვლა, არაა პრობლემა. ტექსტი მომწერეთ და გავაგზავნით ჩვენი მეილებით. მაგრამ რით მოგვწერთ?! _ ეს კომენტარები ფეისბუქის მომხარებლებს ეკუთვნის, რომლებიც ამ დრომდე ელოდებიან საიტის ჩართვას.