2015 წლის 22 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ბრალდების საქმეზე დასაშვებად სცნო პროკურატურის მიერ წარდგენილი ყველა მტკიცებულება.
საქმის წინასასამართლო განხილვის დროს არ დაკმაყოფილდა დაცვის მხარის შუამდგომლობა მიხეილ სააკაშვილის მიმართ სისხლისამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ, ხოლო დაცვის მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულების მხოლოდ ნაწილი დაუშვა და საქმე წარმართა არსებითად განსახილველად. საქმის არსებითი განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში 2015 წლის 6 ივლისს არის ჩანიშნული.
შეგახსენებთ, რომ ალექსანდრე გირგვლიანის საქმეზე ახალი გარემოებების გამორკვევა და მიხეილ სააკაშვილისათვის ბრალდების გამოტანა მოხდა სტარსბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, საქართველოს პროკურატურის მიერ ჩატარებული განახლებული გამოძიების ფარგლებში, რომელსაც სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების პროცესში ზედამხედველობას უწევს ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტი.
აღნიშნულ საქმეზე მიხეილ სააკაშვილს ბრალი წარდგენილი აქვს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით.
დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მეორე ნაწილით, რომელიც თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე ვადით ითვალისწინებს.