თბილისის ვიცე-მერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა სტიქიით დაზარალებული მოქალაქეების მხარდასაჭერად შექმნილი ახალი ვებ-გვერდის პრეზენტაცია გამართა.
როგორც პრეზენტაციაზე ვიცე-მერმა აღნიშნა, ვებ გვერდზე განთავსებულია დეტალური ინფორმაცია სტიქიით დაზარალებულთა საჭიროებების შესახებ. მსურველებს შეუძლიათ დაზარალებულებს გაუწიონ დახმარება საჭიროებების მიხედვით, ოჯახების მიხედვით, ასევე მოცემულია ინფორმაცია სტიქიის ზონაში სპეც ტექნიკის საჭიროების შესახებ. ამასთან, მოქალაქეს თავად შეუძლია შეავსოს შესაბამისი ველი და საკუთარი სურვილის მიხედვით დაეხმაროს დაზარალებულებს.
მსურველებს დაზარალებულთათვის დახმარების გაწევა ონლაინ რეჟიმში შეეძლებათ. ვებ გვერდზე ასევე განთავსდება განახლებადი ინფორმაცია სტიქიის ზონაში მიმდინარე პროცესებისა და გაწეული სამუშაოს შესახებ. მოქალაქეების მიერ განხორციელებული აქტივობა ვებ გვერდზე მომენტალურად აისახება და ოპერატორები ქველმოქმედს ოპერატიულ რეჟიმში დაუკავშირდებიან.
"ჩვენ გავუკეთეთ ინიცირება ვებ გვერდს, რომელზეც ჩვენს მოქალაქეებს და კომპანიებს აქვთ შესაძლებლობა დაეხმარონ დაზარალებულ მოქალაქეებს. მსურველებს შეუძლიათ ნახონ დაზარალებულთა საჭიროებები, ასევე საჭიროებები ოჯახების მიხედვით, ასევე ინფრასტრუქტურული მიმართულებით. გარდა ამისა, თუ მოქალაქეები ამ ჩამონათვალში ვერ ნახავენ დასტანდარტებულ საჭიროებებს, უკვე მათი სურვილის მიხედვით არის შესაძლებელი შეავსონ განაცხადი და გამოაგზავნონ. ვებ გვერდი არის გამჭვირვალე და ინტერაქტიული. ყველა დაპირება, რომელიც ვებ გვერდზე კეთდება, იმ წუთშივე აისახება. დაპირების გაკეთების შემდგომ უკვე ჩვენი ოპერატორები უკავშირდებიან ქველმოქმედს, მასთან აზუსტებენ ყველა დეტალს და ეხმარებიან დაპირების აღსრულებაში", – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.