უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი ამბობს, რომ 2014 წლის თებერვალში აქციებზე დაღუპული ადამიანების მკვლელობაზე პასუხისმგებელი ნაწილობრივ თვითონაც არის.
BBC-ისთვის მიცემულ ინტერვიუში, რომელიც სამოქალაქო ომის დაწყების შემდეგ მისი პირველი ინტერვიუა, იანუკოვიჩი ამბობს, რომ პასუხისმგებლობას არ გაურბის, მიუხედავად იმისა, რომ მას ცეცხლის გაცემის ბრძანება არასოდეს გაუცია.
"თუმცა, უსაფრთხოების ძალებმა შეასრულეს მაშინ არსებული კანონი, მათ ჰქონდათ უფლება იარაღი გამოეყენებინათ", _ აღნიშნავს იანუკოვიჩი.
BBC-ის ინფორმაციით, 2014 წლის ზამთარში, კიევში, ცენტრალურ მოედანზე ანტისამთავრობო გამოსვლებზე 100-ზე მეტი აქციის მონაწილე დაიღუპა. ხოლო ყოფილი პრეზიდენტი იძულებული გახდა 2014 წლის თებერვლის ბოლოს ქვეყნიდან გაქცეულიყო და თავი რუსეთისთვის შეეფარებინა.
როგორც ვიქტორ იანუკოვიჩი ინტერვიუში ამბობს, ის ვლადიმერ პუტინის მადლობელია, რადგან მაშინ მისი სიცოცხლე ქვეყნიდან გაყვანით იხსნა.
"რა თქმა უნდა, მადლობელი ვარ მისი, რომ გასცა ბრძანება დამხმარებოდნენ და ჩემი სიცოცხლე გადაერჩინათ", _ ამბობს იანუკოვიჩი.
უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ ერთ დღეს უკრაინაში დაბრუნების შესაძლებლობა მიეცემა.