თბილისის საქალაქო სასამართლო შეშფოთებას გამოთქვამს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის ზაზა ხატიაშვილის მიერ, დღეს საჯაროდ გავრცელებული მცდარი ხასიათის განცხადებებთან დაკავშირებით.
სასამართლო მიიჩნევს, რომ ადამიანის უფლებათა დამცველის მხრიდან საგანგაშოა საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა.
"საქმე ეხება ყოფილი პროკურორებისათვის ადვოკატთა ასოციაციაში გაწევრიანებაზე უარის თქმის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებებს, რომლებიც გასაჩივრდა სასამართლოში. 2012 წლიდან დღემდე, თბილისის საქალაქო სასამართლომ 31 მსგავსი სასარჩელო განცხადება განიხილა, რომელთაგანაც ყველა დაკმაყოფილდა. პირველი ინსტანციის შესაბამისი გადაწყვეტილებები გასაჩივრდა როგორც სააპელაციო, ასევე საკასაციო წესით და ყველა მათგანი დარჩა უცვლელად და შევიდა კანონიერ ძალაში. ამდენად, სასამართლოში დადგენილია პრაქტიკა სადავო საკითხთან დაკავშირებით.
რაც შეეხება ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის განცხადებას გასაჩივრებული და სასამართლოს მიერ ბათილად ცნობილი აქტების სხვადასხვაობის შესახებ, სასამართლო ერთმნიშვნელოვნად განმარტავს, რომ თითოეულ ადმინისტრაციულ საქმეში (ბატონი ზაზა ხატიაშვილის მიერ ნახსენებია სამი ასეთი საქმე) არსებობს მხოლოდ თითო გასაჩივრებული აქტი, რომელებიც ბათილად სცნო სასამართლომ. ამდენად, გაუგებარია ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის მიერ ზემოაღნიშნული განცხადების საფუძველი და მიზანი.
თბილისის საქალაქო სასამართლო მოუწოდებს ადვოკატთა ასოციაციის თავჯდომარეს დარჩეს სამართლებრივ სივრცეში და ნაცვლად დეზინფორმაციული ხასიათის განცხადებებისა, როგორც იურისტმა, მიმართოს ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს. თავის მხრივ კი, მოსამართლეები იტოვებენ უფლებას, პატივისა და ღირსების შელახვისათვის დაიწყონ სამართალწარმოება სამოქალაქო წესით", _ აღნიშნულია თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეებს ლელა ცანავას და გიორგი მიქაუტაძეს კორუფციულ გარიგებაში ადანაშაულებს.
როგორც ხატიაშვილი აცხადებს, მოსამართლეების ლელა ცანავას და გიორგი მიქაუტაძის მხრიდან სავარაუდოდ ჩადენილი კორუფცია, სამსახურებრივი სიყალბე, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, რაც მისივე თქმით, შემდეგი კონკრეტული მტკიცებულებებით დასტურდება.
ზაზა ხატიაშვილის განცხადება ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ აქ: მოსამართლეებს კორუფციულ გარიგებაში ადანაშაულებენ