რამდენიმე დღის წინ გერმანულმა გამოცემამ "Express" საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა. ცნობილი გახდა პატარა ქალაქ ზელიგენშტადში ერთ "ჭკვიან" ადგილობრივ ვირუკელას უნივერსიტეტის დიპლომი გადაეცა.
ძალიანაც ნუ შეგეშინდებათ, არც ასე ცუდად გვაქვს ადამიანებს საქმე, როგორც ერთი შეხედვით ჩანს – ვირმა მხოლოდ სიმბოლური დიპლომი მიიღო, რომელიც მას საკვალიფიკაციო გამოცდებში დაზარალებულმა, ანუ ჩაჭრილმა და წუნდებულმა მასწავლებლებმა გადასცეს – მათ ამ ფორმით გამოხატეს პროტესტი უსამართლობის წინააღმდეგ.
ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა საჯაროდ განაცხადა: ისეთი კითხვები იყო, ვირიც კი ადვილად გასცემდა პასუხს და ჩვენ როგორ ვერ მოვაგროვებდით საჭირო კოეფიციენტს, მაგრამ შედეგები გააყალბესო.
თან, დაუმატა: ჩვენ ვირის შეურაცხყოფა არც გვიფიქრია. ყველამ კარგად იცის, როგორი შრომისმოყვარე პირუტყვია, იმაზე მეტს მუშაობს, რაც მის ძალებს აღემატება, თან – უხმოდ და უდრტვინველად. ჩვენც ამდენ ხანს ვირებივით გვამუშავეს და ახლა გარეთ გვყრიან. ვირები ვართ, აბა, ვინ ვართო…
ასეა თუ ისე, ახლა დიპლომიანი ვირუკელაც არსებობს.