პარტია "თავისუფალი საქართველოს" ერთ-ერთი წევრი ალექსანდრე შალამბერიძე გარდაიცვალა.
ინფორმაციას ამის შესახებ პარტიის თავმჯდომარე კახა კუკავა ადასტურებს.
"სამწუხაროდ, სიმართლეა გავრცელებული ინფორმაცია. ჯანმრთელობის გაუარესების გამო ოპერაცია გაიკეთა. თუმცა, ოპერაციის შემდგომი პერიოდი გაურთულდა და ინფარქტი დაემართა", _ უთხრა "გურია ნიუსს" კუკავამ.
ალექსანდრე შალამბერიძე 1958 წელს დაიბადა; დაამთავრა თბილისის 57-ე სკოლა, 1979 წელს დაამთავრა სასოფლო სამეურნეო ინსტიტუტი. 1991-1992 წლებში გაიარა სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ასპირანტურა. 1990 წლიდან იყო "ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირის" აღმასრულებელი მდივანი 2004 წლამდე. 1980-1990 წლებში მეცნიერ თანამშრომელი; 1991-1992 წლებში ვაკის რაიონისა და თბილისის საკრებულოს წევრი; 1991 წლიდან — პრეზიდენტის რეგიონალური სამსახურის იმერეთის ბიუროს ხელმძღვანელი; 1996-1999 წლებში — თბილისის მერიის განყოფილების გამგე; 1997-1998 წლებში — ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრი; 1999-2008 წლებში — საქართველოს პარლამენტის წევრი, რეგიონალური პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, 2004-2009 წლებში იყო ნაციონალური მოძრაობის წევრი. მრავალი საპროტესტო აქციის მონაწილე და ორგანიზატორი, პუბლიცისტური წერილების ავტორი პოლიტიკურ და საზოგადოებრივ საკითხებზე. იყო პარტია "თავისუფალი საქართველოს" გენერალური მდივანი.