სახალხო დამცველი სამართალდამცავ ორგანოებს მოუწოდებს, სრულყოფილად, დროულად და ეფექტურად გამოიძიონ თბილისში, 6 ივლისს, ბ.კვერნაძის ქ.#10 მომხდარი ტრაგიკული შემთხვევების მიზეზები, მათ შორის, სამშენებლო სამუშაოების წარმოებისა და მასზე ზედამხედველობის კანონშესაბამისობის საკითხი.
სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, ომბუდსმენი კვერნაძის ქუჩაზე შენობის სარეკონსტრუქციო ნაწილის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა ოკახებს უსამძიმრებს, ამავდროულად გამოძიების პროცესში მისი შედეგებისა და სასამართლოს მიერ მიღებული საბოლოო გადაწყვეტილებების საჯაროობაზე საუბრობს. ასევე მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, დროულად შექმნას შრომის პირობების ინსპექტირების ეფექტური მექანიზმი და უზრუნველყოს შრომის უსაფრთხო გარემო ყველა დასაქმებული პირისათვის.
"გავრცელებული ინფორმაციით, მოცემულ ფაქტზე გამოძიება უკვე დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 240–ე მუხლით (სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევა). მიგვაჩნია, რომ შესასწავლია ასევე მშენებლობის ნებართვის გაცემის, სანებართვო პირობების შესრულებისა და სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის განხორციელების კანონშესაბამისობის საკითხი.
საქართველოს სახალხო დამცველი ბოლო წლების განმავლობაში მწვავედ აყენებს ქვეყანაში შრომის ინსპექციის არარსებობის საკითხს და მისი შექმნის აუცილებლობას უსვამს ხაზს. სამწუხაროა, რომ აღნიშნული რეკომენდაცია დღემდე არ არის შესრულებული საქართველოს მთავრობის მხრიდან. შესაბამისად, სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს შრომის უსაფრთხოებაზე ზედამხედველობის განმახორციელებელი მექანიზმის შექმნასა და ამ სფეროში მინიმალისტური სამართლებრივი რეგულაციების შემოღებას. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის აღიარებული სტანდარტების შესაბამისად, სახელმწიფოს გააჩნია პოზიტიური ვალდებულება შექმნას ისეთი ქმედითი ინსტრუმენტი, რომელიც სამუშაო ადგილებზე ფატალური შემთხვევების პრევენციისკენ იქნება მიმართული, მაშინ როცა საქართველოში მსგავს შემთხვევებზე რეაგირების ერთადერთი საშუალება სისხლის სამართლის წესით საქმის გამოძიებაა. აღნიშნული, რასაკვირველია, არ არის საკმარისი.
მიმდინარე წელს სხვადასხვა სამუშაოებზე, მათ შორის მშენებლობებზე დასაქმებული არაერთი მუშის დაღუპვისა თუ დაშავების შესახებ შეიტყო საზოგადოებამ. ასეთ შემთხვევებში, როგორც წესი, დროულად იწყება გამოძიება, თუმცა საზოგადოება არ არის საკმარისად ინფორმირებული მისი შედეგების შესახებ. ამის გათვალისწინებით, მხოლოდ გამოძიების დაწყება არ წარმოადგენს მკაცრ გაფრთხილებას მშენებლობისა თუ სხვა სამუშაოების მწარმოებელი კომპანიებისათვის, მაქსიმალურად მკაცრად და პასუხისმგებლობით მოეკიდონ უსაფრთხოების წესებსა და მათ დაცვას.
სახალხო დამცველი მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს სრულყოფილად, დროულად და ეფექტურად გამოიძიონ აღნიშნული ტრაგიკული შემთხვევების მიზეზები, მათ შორის, სამშენებლო სამუშაოების წარმოებისა და მასზე ზედამხედველობის კანონშესაბამისობის საკითხი. ამავდროულად, მნიშვნელოვანია საზოგადოებას პერიოდულად მიეწოდოს ინფორმაცია უსაფრთხოების წესების დარღვევაზე მიმდინარე გამოძიების შედეგებისა და სასამართლოს მიერ მიღებული საბოლოო გადაწყვეტილებების თაობაზე. აქვე, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, დროულად შექმნას შრომის პირობების ინსპექტირების ეფექტური მექანიზმი და უზრუნველყოს შრომის უსაფრთხო გარემო ყველა დასაქმებული პირისათვის", _ ნათქვამია საქართველოს სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.