გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე "გურია ნიუსის" ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ მასალასთან- "კი, კი, ყველაფერი შევსებულია. მე "ქართულ ოცნებას" წარმოვადგენ" -დაკავშირებით კომენტარს აკეთებს და კატეგორიულად უარყოფს მსგავს ინფორმაციას, იმასთან დაკავშირებით, რომ რამდენიმე დღეა, ქალაქ ოზურგეთის მერიისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის სამსახურებში, ასევე ა.(ა) ი.პ. – სა და სოფლებში გამგებლის წარმომადგენლებს დაევალათ , შეავსონ სპეციალური კითხვარები, სადაც უნდა მიუთითონ, რომელი თანამშრომელი და სოფლის გამგებელი, რომელი პარტიის წევრია და ადრე რომელ პარტიას წარმოადგენდა.
როგორც "გურია ნიუსს" რამდენიმე წყარომ განუცხადა, აღნიშნული ინიციატივა გუბერნიიდან წამოვიდა, რადგან თავდაპირველად მსგავსი დავალება გუბერნიის თანამშრომლებზე გაიცა.
"გურიის გუბერნატორმა, მოსვლისთანავე გუბერნიაში დასაქმებული თანამშრომლების პოლიტიკური შეხედულებების შესახებ ინფორმაციის შეგროვება დაიწყო, ის დაინტერესდა დასაქმებული საჯარო მოხელეები რომელი პარტიის მხარდამჭერი და წევრი იყო" _ განაცხადა ერთ-ერთმა საჯარო მოხელემ.
გურიის გუბერნატორი კატეგოულად უარყოფს მსგავს ინფორმაციას და მიაჩნია, რომ აღნიშნული ფაქტით მიზანმიმართულად ხდება მისი დისკრედიტაცია:
"ასეთი კითხარების შევსება ჩემს ინტერესში არ შედის, სულ არ მაინტერესებს არანაირი ფასეულობა, იმის გარდა ადამიანი მისი კვალიფიკაციის მიხედვით მუშაობს თუ არა. ამიტომ ასეთი ანკეტის შევსებას გუბერნატორი ვერც ვერავის დაავალებს, გუბერნატორის ინტერესებში არ შედის ვინ სად მუშაობს. საუბარიც კი არ მქონია არავისთან მსგავს თემასთან დაკავშირებით. მგონია, რომ მიზანმიმართულად ხდება ჩემი დისკრედიტაცია.
კიდევ ერთხელ ვიმეორებ არანაირი ანკეტის შევსება, კატეგორიულად ვამბობ, არ მომხდარა. მე მსგავსი დავალება არცერთი თანამშრომლისთვის არ მიმიცია. უფრო მეტიც, საერთოდ საქმის კურსში არ ვარ რა ხდება. გზაში ვარ და თბილისიდან მოვდივარ და ვაპირებ გავერკვე. თქვენს სტატიაში მითითებული გაქვთ სახელი და გვარები, რომლებიც აღნიშნულ ინფორმაციას ადასტურებენ, რომ რაღაცა კითხვარებს მართლაც ავსებდნენ. მე ასეთი დავალება არ მიმიცია, შესაბამისად, არც ჩემს თანამშრომლებს არ გაუკეთებიათ.
საერთოდ მგონია, რომ ეს არის ძალიან დიდი სისულელე, იმიტომ, რომ ნებისმიერმა ხელმძღვანელმა იცის მისი თანამშრომლების შესახებ ინფორმაცია"_ განაცხადა გურიის გუბერნატორმა.