ამერიკის შეერთებული შტატებიდან ჩამოსული ემიგრანტი პატარები კათალიკოს-პატრიარქმა მიიღო და დალოცა.
"თქვენ უნდა გახსოვდეთ, რომ ამერიკაში დროებით ხართ, თქვენი სამშობლო საქართველოა," – ასე მიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საპატრიარქოში სტუმრად მყოფ ქართველ ბავშვებს.
საპატრიარქოში მიღებაზე ქართული კულტურის ცენტრ "ფესვების" 47 აღსაზრდელი იმყოფებოდა. პატარებმა პატრიარქთან სტუმრობისას ქართულად სიმღერები შეასრულეს, იცეკვეს და პატრიარქს საჩუქრებიც გადასცეს.
მათ ანა კალანდაძის ლექსზე შექმნილი სიმღერა "საქართველოო, ლამაზო" იმღერეს.
"თქვენ უნდა გახსოვდეთ, რომ თქვენი სამშობლო საქართველოა. მე ძალიან გამეხარდა, რომ თქვენ ამ სიმღერით დაიწყეთ – "საქართველოო ლამაზო". "როგორც უფალი, სამშობლო ერთია ქვეყანაზედა", თქვენ ყველაფერი უნდა გააკეთოთ იმისთვის, რომ გამოადგეთ სამშობლოს. თქვენ იცით რა თქვა კენედიმ, "ჩვენ ვფიქრობთ იმაზე, სამშობლომ რა უნდა გაგვიკეთოს ჩვენ, ჩვენ უნდა ვიფიქროთ იმაზე, ჩვენ რა უნდა გავუკეთოთ სამშობლოს".
თქვენ უნდა ყველაფერი გააკეთოთ იმისთვის, რომ გამოადგეთ სამშობლოს. მე არაერთხელ ვყოფილვარ ამერიკის შეერთებულ შტატებში, ეს დიდი ქვეყანაა, მდიდარი, თავისუფალი ქვეყანა.
ჩვენ ვართ მართლმადიდებელი ქრისტიანები და უნდა დავრჩეთ მართლმადიდებლებად, ჩვენ გადაგვარჩინა ჩვენმა ეკლესიამ. ეკლესია რომ არ ყოფილიყო, ქართველი ხალხი ვერ გადარჩებოდა". – აღნიშნა პატრიარქმა ბავშვებთან შეხვედრისას.